თბილისის მერია მოქალაქეების არაკეთილსინდისიერი კომპანიებისგან დასაცავად საპრევენციო მექანიზმის შექმნას გეგმავს

141

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცემერს, სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა.

“მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ შემუშავდეს გარკვეული მიდგომები, ავიღოთ განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების მაგალითები, თუ როგორ არიან იქ დაცულები ის ადამიანები, რომლებიც ბინას ყიდულობენ.

დღეს როგორ არის საქართველოში: იწყება სამუშაოები და იწყება ჰაერის გაყიდვა, იმ ბინების, რომლებიც უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალებული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, იქნებ შევიმუშაოთ და მოვიფიქროთ მექანიზმები. შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ სამშენებლო კომპანიებს.

შემდეგ ისე ხდება, რომ ვიღაც გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანები რჩებიან მოტყუებული, მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგიც მუნიციპალიტეტში დახმარებისათვის. ძალიან რთულია ასეთი პრობლემის მოგვარება. შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი და გადმოვიტანოთ ისეთი მაგალითები, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული და თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.