რეაბილიტაციის შემდეგ ქარელის სოფელ ქვენატკოცის სკოლაში 5 ოთახს კარი არა აქვს

152

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლაში 5 ოთახს კარი არა აქვს. ესენია: ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, გეოგრაფიის კაბინეტი; ორი გასახდელი (ვაჟების და გოგონების) და სააქტო დარბაზი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ კარის გარეშეა დარჩენილი სათავსოები, ხოლო მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი მათ ლაბორატორიებად მოიხსენიებს.

ჯოჯიშვილის თქმით, საგანგაშო არაფერია, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები დროულად გამოიყო:

“კარები რომ არა აქვს, რა გაინტერესებთ? როგორც მე ვიცი, ესენი დამხმარე ოთახებია” – გვკითხა ალექსი ჯოჯიშვილმა. მისი განმარტებით, მშენებელმა სკოლის რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით, გააკეთა.

რატომ ჩაიბარა მერიამ საპროექტო დოკუმენტაცია იმ სახით, სადაც რამდენიმე ოთახისთვის კარი არ იყო გათვალისწინებული, ამის შესახებ მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსს პასუხი არა აქვს: ,,შეგიძლიათ, ჰკითხოთ, საპროექტო ორგანიზაციას, დიმიტრიადმა გააკეთა, გორში დაფუძნებული კომპანიაა” – აცხადებს ჯოჯიშვილი.

კომპანია “დიმიტრიადს” შესყიდვების ვებ-გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ტელეფონი გამორთული აქვს.

სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოები თავდაპირველად კარგად დაიწყო, ხოლო, თუ რატომ დარჩა 5 ოთახი კარის გარეშე, ამაზე პასუხი არა აქვს:

,,ჩვენთან სამშენებლო დოკუმენტაცია არ ინახება. მოგეხსენებათ, სკოლის რეაბილიტაციას ჩვენ არ ვახორციელებთ. მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა, ბატონმა გიორგიმ სხვა ძველი რამდენიმე კარი მოიტანა, იქნებ მოვარგოო. სხვაგანაც არემონტებდნენ სკოლებს. რა მოხდა, ამ კუთხით, მე ვერ გაგცემთ პასუხს” – ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის დირექტორის შემდეგ, სამშენებლო კომპანია ,,ფერთა ნათების” წარმომადგენელს, ბატონ გიორგის დავუკავშირდით.

,,ვერ გეტყვით, ზუსტი მიზეზი არ ვიცი, რატომ დააკლდა სკოლას კარი. მე ვვარაუდობ, რომ კვადრატული მეტრები არ იყო სწორად დათვლილი, პროექტირების დროს. სხვა ინფორმაციის მოწოდება მე არ შემიძლია” – ამბობს ,,ფერთა ნათების” სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი. ,,ფერთა ნათებამ”, მისი წარმომადგენლის ცნობით, ქარელის მერიასთან ურთიერთობა უკვე დაასრულა.

ახალი სასწავლო წელი კი, 2019 წლის 16 სექტემბერს იწყება.