ქალაქ თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიმართება

195

15 სექტემბერს ქალაქ თეთრწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ჩატარდება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, ქვემო ქართლის მუნიციპალური თვითმმართველობების, საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტისა“ და კომპანია “არ-ემ-ჯის“ მიერ ორგანიზებული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნესსექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას ისახავს მიზნად.

როგორც თეთრიწყაროს მერიაში აცხადებენ, ფორუმის მსვლელობისას წარმოჩენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის როლი, სათემო გაერთიანებების მდგრად იეკონომიკური განვითარების საქმეში.

“კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სანახაობრივი და გასართობი პროგრამა – სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენები, სპორტული და ინტელექტუალური ასპარეზობები”, – ამბობენ მერიაში.

ამასთან, ფორუმის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარადგენს ინფორმაციას უწყების ყველა ძირითად მიმართულებასა და საქმიანობაზე.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტის“ პრეზენტაცია შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში წლების მანძილზე გაწეული სხვადასხვა აქტივობას და მის შედეგებს.

“კომპანია “არ-ემ-ჯი“ ფორუმის სტუმრებს 4 წლიანი პროგრამით გათვალისწინებული 7 ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გააცნობს, რომლისთვისაც „არ-ემ-ჯი“ ჯგუფს 2 მილიონილარი აქვს გამოყოფილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და  დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვემო ქართლის რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში, ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალს წარმოადგენს.

რეგიონის თვითმმართველი ერთეულებს კულტურული მემკვიდრეობის პირველ  ფორუმზე სპეციალური სივრცეები დაეთმობათ, სადაც ტრადიციული რეწვის და  აგროსამრეწველო პროდუქტებთან ერთად ეთნოგრაფიული მასალებიც გამოიფინება”, – აცხადებენ თეთრიწყაროს მერიაში.

როგორც მერიაში ამბობემ, მომავალში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონშიც მოეწყობა.