ახალციხის მე-2 სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე, სავარაუდოდ, ვერ დასრულდება

121

ქალაქ ახალციხის სამ საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე საჯარო სკოლაში კი ამბობენ, რომ სამუშაოების გამო, შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღი გადაიწიოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ამ ეტაპზე, ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემის, სველი წერტილებისა და ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება მიმდინარეობს. სწავლის დაწყებამდე კი ერთი კვირაა დარჩენილი.

“ვცდილობთ, რომ მოვასწროთ, ჯერ თარიღსაც ვერ გეტყვით. რისკი არსებობს, იმიტომ რომ სამუშაოები მიმდინარეობს. ვცდილობთ 16 სექტემბერს დავიწყოთ სასწავლო პროცესი“, – ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე.

მეორე სჯარო სკოლას, ახალციხის მერიის მიერ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ხომერიკი და კომპანია“ 238 967 ლარად აკეთებს.

ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ სამუშაოები სწავლის დაწყებამდე დასრულდება. თუმცა “ხომერიკი და კომპანიის“ დირექტორი ზვიად ხომერიკი ამბობს, რომ სამუშაოების 16 სექტემბრამდე დასრულების ვალდებულება არ აქვთ, რადგან მათთან ხელშეკრულება ივლისის ბოლოს გაფორმდა.

“ჩვენ ვაკეთებთ ნაწილობრივ რემონტს, რამდენიმე სველ წერტილს და წყლის პრობლემას მოვაგვარებთ. ვფიქრობ, რომ მაინც შეუფერხებლად ისწავლიან, ხელს არ შევუშლით. შეიძლება რაღაც ნაწილით ვერ ისარგებლონ, მაგრამ საკმარისი ფართი ექნებათ სკოლაში“, – ამბობს ხომერიკი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ცხრა ოქტომბერს უნდა ჩააბაროს.

ქალაქ ახალციხეში მეორე სკოლის გარდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. სკოლების დირექტორების თქმით, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.