მთაწმინდაზე ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა

1051

მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გახსნეს, რომლებმაც ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს მიღებისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტზე იმუშავა.

„სახელი ლიეტუვა, გარკვეულწილად, მოდის სიტყვიდან „წვიმა“ და წვიმა მოგიტანეთ, როგორც სიმბოლო, რადგან, ვფიქრობ, რომ სიმბოლოები მნიშვნელოვანია არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში… ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, როდესაც პირველად გაიხსნა ეს სკვერი, ის იყო საქართველოსადმი ლიეტუვის სოლიდარობასთან დაკავშირებული. ეს მოხდა დაახლოებით, 10 წლის წინ, ომის შემდგომ. მაშინ, სკვერი ჩვენმა მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა გახსნა და ეს იყო თბილისისა და საქართველოს მადლობის ნიშანი ლიეტუვის სოლიდარობისათვის. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი განახლდა, ის იქნება ჩვენი განახლებული მეგობრობის სიმბოლო, რომელიც გასტანს მუდმივად და ეს მეგობრობა, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობს, მუდმივი იქნება… ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ვილნიუსში ძალიან ბევრი ასეთი ანგელოზი გვყავს, რომელიც იცავს ქალაქს, იცავს მის მოქალაქეებს და იმედი მაქვს, რომ ეს პატარა ანგელოზი, რომელიც აქ არის ჩამომჯდარი, დაიცავს თბილისის მოქალაქეებსაც“, – განაცხადა მინისტრმა.

ვილნიუსის სკვერის პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია, გასულ წელს თბილისს, ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. პროექტის სრული რეაბილიტაცია კი მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.

სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ვაიდას რამოშკამ შექმნა და უსასყიდლოდ გადასცა თბილისს.

სკვერში დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეეძლებათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.