ანა დოლიძე – ვეტოსთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები საკმაოდ დამაფიქრებელია

750

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები საკმაოდ დამაფიქრებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დოლიძეს დღეს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რასაც მას არასამთავრობო სექტორი სთავაზობს, თუმცა, როგორც აღნიშნა, პრეზიდენტი შვიდი თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურად იყო განწყობილი.

“არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკმაოდ დამაფიქრებელი არგუმენტები მოგვახსენეს. საყურადღებოა, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება ადგილობრივი არჩევნების წელს ხდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, იყო დარღვევები ხალხთან კომუნიკაციის კუთხით. შესაბამისი ჩართულობა ამ ქალაქების მაცხოვრებლებისა არ ყოფილა. ამავე დროს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში სერიოზული შინაარსობრივი პრობლემებია. ჩვენ მათ დიდი გულისყურით მოვისმენთ, რადგან ეს ის ხალხია, ვინც აღნიშნული საკითხი ძალიან კარგად იცის”, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს სთხოვს, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით შვიდი თვითმმართველი ქალაქი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი