კასპის სოფელ აღაიანში ნუშის ბაღი გააშენეს

79

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის “დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს “თხოთის ველმა“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში 10 ჰა-ზე ნუშის ბაღი გააშენა.

“ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 38 298 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 13 440 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 24.850 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის”, – განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ცნობით, პროექტის “დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 7 745 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 42 778 460 ლარს შეადგენს. აქედან, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1 973 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო  “ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.