“ზუგდიდდასუფთავებას” ჩამოეწერა ტრაქტორი, რომელიც წლების წინ ამორტიზებული შეიძინეს

80

“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრს რუსული წარმოების, დტ-ს ტრაქტორი ჩამოეწერა. ტექნიკა 1988 წელსაა გამოშვებული, თუმცა ადგილობრივმა გამგეობამ ის 2009 წელს შეიძინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

გამოცემის ცნობით, საკრებულოს სხდომაზე ცენტრის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ განმარტა, რომ ტრაქტორი როცა შეიძინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, უკვე ამორტიზებული იყო. ამის მიუხედავად, მისი განმარტებით, კიდევ ხუთი წელი იმუშავა.

“21 წლის იყო, როცა შევიძინეთ ეს ტექნიკა. ამორტიზებული იყო, თუმცა აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა შეძენა. ჩვენ, ააიპ-ები არ ვიძენთ, ამას მერია და გამგეობა იძენს. კარგი იქნება, თუ შევიძენთ არა ჩამოსაწერ ტექნიკას, არამედ ახალი უნდა ვიყიდოთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი ერთეულები იყიდეს და დღემდე კარგ მდგომარეობაშია”, – აღნიშნა ნუგზარ მალაშხიამ.

მანვე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს ტრაქტორი გაძარცვეს და ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დირექტორის თქმით, ცენტრს სჭირდება ერთი ბულდოზერი და ექსკავატორი, ასევე წყლის მანქანა. ამიტომ, ითხოვა, რომ ამ საკითხს ყურადღება მიექცეს. მალაშხიას განმარტებით, ის წყლის მანქანა, რომლითაც დღეს ქალაქის ქუჩები ირეცხება, 1991 წლის მანქანის ნაწილით ააწყვეს.

“დტ-ს ტრაქტორი რომ იქირაო, 500 ლარი ჯდება. მინიმუმ 250 ლარი უნდა ერთ დღეში. ეს წაგებაა. ქირაობას ყიდვა ჯობია. დღეს კეთილმოწყობის ტრაქტორს ხმარობს ყველა”, – აღნიშნა მან.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, მერიას მიეცა რეკომენდაცია და დავალება როგორც “კეთილმოწყობის”, ისე “ზუგდიდდასუფთავების” მხრიდან, საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფაზე. ამის შემდეგ გადაწყდება, შეიძენენ, თუ მოხდება სამუშაოების მომსახურების შესყიდვა. შეადარებენ, თუ რომელი უფრო იაფი დაუჯდება მუნიციპალიტეტს.