ცქიტიშვილი: 2020 წლისთვის სამტრედია-გრიგოლეთის 2 ლოტისა და ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდება

85

წინა სტატია

2020 წლის ზაფხულში ჩვენ სამტრედია-გრიგოლეთის 18-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას ვგეგმავთ, ხოლო 2020 წლის ბოლოსთვის ამ გზის 4 ლოტიდან 2 ლოტი ექსპულატაციაში შევა. ასევე, 2020 წლის ზაფხულში გვექნება საშუალება, რომ ხაშურის შემოვლითი გზაც გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“გაჩერებული პროექტები ეს იყო ოპოზიციის ერთგვარი პიარი, რადგან ხშირ შემთხვევაში პროექტები არ გაჩერებულა არც რუსთავის და არც სამტრედია-გრიგოლეთის ნაწილში. ჩვენ ნამდვილად გვქონდა შეფერხება გარკვეულ მონაკვეთებთან დაკავშირებით აღნიშნულ გზებზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანობაში ეს პროექტები არ მიმდინარეობდა.

მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცნობილი ჯდენები ჯერ კიდევ გარკვეულ მონაკვეთებზე არის, 2020 წლის ზაფხულში ჩვენ 18-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას ვგეგმავთ, ხოლო 2020 წლის ბოლოსთვის ამ გზის 4 ლოტიდან 2 ლოტი ექსპულატაციაში შევა.

ასევე, 2020 წლის ზაფხულში გვექნება საშუალება, რომ ხაშურის შემოვლითი გზაც გვქონდეს. ამდენად, ყველა ამ პროექტზე გვაქვს ხელშესახები შედეგი და ჩვენ ყველანი ამას უკვე 2020 წლის ზაფხულის სეზონიდან ვიხილავთ”, – განაცხადა მაია ცქიტიშცილმა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხს პროკურატურა უკვე 2 წელია, სწავლობს. ყოფილი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.

ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა.

ჯერ კიდევ მინისტრთა წინა კაბინეტის დამტკიცებისას მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლილსას განაცხადა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.

“გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შესაძლოა, მქონდეს კითხვები. მაგალითისთვის მოგიყვანთ სამტრედია-გრიგოლეთის გზას, სადაც სამუშაოების აღსრულების პროცესში მიღებულმა საპროექტო გადაწყვეტილებამ გამოიწვია პრობლემები. ამ სირთულეების მიუხედავად, სამუშაოები მიმდინარეობს, გვყავს 2 კონტრაქტორი, რომლებმაც შემოგვთავაზეს არსებული პრობლემის აღმოფხვრის გზები და ამ ეტაპზე ვარჩევთ ოპტიმალურს. ასე რომ, სახელმწიფოს ჯერ მატერალური ზიანი არ მიყენებია ამ კონტრაქტით, თუმცა, ასეთის დადგომის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, ვალდებული ვიქნები, გადავცე ეს საქმე შემდგომი შესწავლისთვის. ამ ეტაპზე მე ვარ ორიენტირებული პრევენციაზე, ჩემი საქმეა მსგავსი კორუფციული რისკების დაზღვევა, ხოლო გამოძიება არის საგამოძიებო ორგანოების საქმე”, – ამბობდა მაშინ მაია ცქიტიშვილი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ პროკურატურის ინტერესი ყოფილი მინისტრების, ზურაბ ალავიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და დავით შავლიაშვილის მისამართით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართვლოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. საკითხს იმჟამინდელი პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია და, თუ არსებობს კითხვები, მათ ყველამ პასუხი უნდა გასცეს. “დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი უწყებები მოგაწვდიან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.