გურჯაანში „გლეხური ბაზარი“ 4 ათასი ლარით დაჯარიმდა

595

გურჯაანის შპს „გლეხური ბაზარი“ მუნიციპალიტეტის მერიამ უნებართვო მშენებლობისთვის 4 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სპექტრი წერს.

მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, ბაზრის ადმინისტრაციას მერიაში დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდა, თუმცა ნებართვას არ დაელოდნენ.
„მანამდე დაიწყეს მშენებლობა, სანამ ნებართვას მიიღებდნენ. ამიტომ 4 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. გლეხურ ბაზარს, ამის თაობაზე სიტყვიერად უკვე ვაცნობეთ. ოფიციალური ბრძანება კი, რომელიც 30 აგვისტოს დაიწერა,  დღეს ან ხვალ ჩაბარდება. თანხა ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადონ.“

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიხდიან, საურავის სახით კიდევ 4 ათასი ლარი დაეკისრებათ და თანხას აღსრულების ძალით ამოიღებენ. გლეხური ბაზრის ადმინისტრაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.