გომელაური: შევქმნით აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საგზაო დარღვევების დაფიქსირება შეეძლებათ

601

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მათ მიერ დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტებზე პოლიციას შეატყობინონ.

ახალი პროექტის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.

პარლამენტში მოხსენების წარდგენის დროს ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად სიახლეები იგეგმება.

”საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით ვგეგმავთ, მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს და მიაწოდოს პოლიციას, მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები” – განაცხადა გომელაურმა.