ცხინვალის რეჟიმმა სოფელ წნელისთან ბლოკპოსტის მშენებლობა დაიწყო

939

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ჯგუფმა ოკუპირებული სოფლის, წნელისის რაიონში, რომელსაც ოსური მხარე უისტას უწოდებს, 944 მეტრის სიმაღლე დაიკავა,  „სამხრეთ ოსეთის“ დროშა აღმართა და ბლოკპოსტის მშენებლობა დაიწყო.  ამის შესახებ დღეს, 5 სექტემბერს დეფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა.

„უწყების“ ინფორმაციით, ბლოკპოსტის მშენებლობა ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება “ქართული მხარის პროვოკაციად” მიიჩნევს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ რაიონში, პოლიციის საგუშაგოს განთავსებას. ჩორჩანა ოკუპირებულ წნელისს ესაზღვრება

ვითარება ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.