გორის სოფლებში რიტუალების სახლებს გადააკეთებენ

202

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში აშენებულ რიტუალების სახლებს სხვა ფუნქციებს მიანიჭებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მათ შორისაა სოფლები, დიდი ხურვალეთი და ნაწრეტი, სადაც რიტუალების სახლში სპორტულ დარბაზებს მოაწყობენ. სოფელ ყელქცეულში კი აღნიშნულ ობიექტში საბავშვო ბაღს განათავსებენ.

სამუშაოები წელს განახლებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდება, რისთვისაც მთლიანობაში 39 752 ლარი დაიხარჯება. კერძოდ, ამ მიმართულებით დიდი ხურვალეთისთვის 12 000 ლარი, ნაწრეტისთვის – 15 420 ლარი, ყელქცეულში კი 12 332 ლარია გათვალისწინებული.

ამ სოფლებში რიტუალების სახლები 2012-2016 წლებში აშენდა, 2019 წლისთვის კი როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, რიტუალების სახლებისთვის ფუნქციის შეცვლა დაიგეგმა, რადგან როგოც აღმოჩნდა ობიექტები, რომლებისთვისაც ბიუჯეტიდან ათობით ათასი ლარი დაიხარჯა, ადგილობრივებისთვის გამოუსადეგარი იყო.