ხაშურის მუსიკალური სკოლის ფასადი ორ თვეში ჩამოიშალა – დახარჯულია 87,000

195

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი: ია ასათიანი

ხაშურში მუსიკალური სკოლის შენობის ფასადი ისევ ისე გამოიყურება, როგორც 4 წლის წინ, როცა მერიამ მისი შეკეთება გადაწყვიტა. თქვენ რომ ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადს იხდით ბიუჯეტში, იმ ფულიდან მერიამ 87 ათასი ლარი დახარჯა ფასადის შესაკეთებლად, რომელიც ორ თვეში ჩამოიშალა. ზარალი დღემდე არავის აუნაზღაურებია. თქვენ გადასახადების გადახდას აგრძელებთ. მუსიკალური სკოლის შენობაც ისევ ნაცრისფერია.

შპს “რემონტალმა“ სკოლის შენობა ოთხკუთხედი ფორმის, მინა-მაგნეზიის თეთრი ფილებით შეფუთა. მერიამ სამუშაო ისე ჩაიბარა, რომ მისი ხარისხი არავის შეუმოწმებია. მხოლოდ სამუშაოების მოცულობა დათვალეს და ჩაიბარეს. ორ თვეში ფილებმა, ძლიერ ქარსა და წვიმას ვერ გაუძლო და ცვენა დაიწყო. ან როგორ უნდა გაეძლო, გარეთ კედლებზე შიდა ფასადისთვის განკუთვნილი ფილები გააკრეს. მშენებელიც და დამპროექტებელიც მიიჩნევდა, რომ საქმე ასე გაკეთდებოდა. კერძო საექსპერტო ბიუროც უმოწმებდათ, რომ ამ ფილებით ფონს გავიდოდნენ.

ფილათაცვენის შემდეგ კომპანია ვალდებული იყო, დაზიანებული ადგილები შეეკეთებინა. კონტრაქტის თანახმად, საგარანტიო ვადად სამი წელი იყო განსაზღვრული. შეაკეთეს კიდეც, მაგრამ ხუთ თვეში ფილებმა ისევ ცვენა დაიწყო, ხან რომელ მხარეს მიჰქონდა ქარს და ხან რომელ მხარესო, იხსენებენ ადგილობრივები.

ასე გამოიყურებოდა შენობა ფილების სრულად ჩამოხსნამდე

მერიაში მაშინ ამბობდნენ, რომ კომპანია ამ დაზიანებასაც შეაკეთებდა. შპს “რემონტალი” კი სამუშაოების შესრულებას არ ჩქარობდა. მერიამ ფილების ხარისხისა და შესრულებული სამუშაოს შემოწმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მხოლოდ დაზიანების გამოვლენის შემდეგ სთხოვა. სამხარაულმა თქვა, არც ეს ფილები ვარგა გარე ფასადისთვის და არც რკინის კონსტრუქციაზე არის ხარისხიანად დამაგრებულიო.

“სამხარაულის დასკვნის შემდეგაც კომპანია სამუშაოების განახლებას თავს არიდებდა, ამიტომ სასამართლოს მივმართეთ,” გვეუბნება ხაშურის მერიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დავით ღვალაძე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ კომპანიას ფასადის აღდგენა დაავალა. შპს “რემონტალმა” ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აქ უკვე კომპანია და მერია შეთანხმდნენ, რომ შპს „რემონტალი“ 30 ათას ლარად ღირებულ სამუშაოს შეასრულებდა. თუმცა, ეს სამუშაო ფასადის შეკეთებას ან აღდგენას კი არ ეხებოდა, არამედ კედლების ჩამორეცხვას, ლითონის კონსტრუქციის დაშლასა და დასაწყობებას. ანუ, რაშიც მერიამ კომპანიას თავიდან ფული გადაუხადა და გააკეთებინა, ის უკან ჩამოხსნეს. ფული კი გადახდილი დარჩა.

სკოლის შენობის იერსახე ისევ ნაცრისფერი გახდა. მერიისა და კომპანიის დავაც ასე დასრულდა.

ასე გამოიყურება მუსიკალური სკოლა დღეს

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით ღვალაძე ამბობს, რომ სასამართლო დავა დიდ დროს წაიღებდა. თანაც, აღმოჩნდა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში იყო ხარვეზი და რამდენჯერაც არ უნდა გაეკრა კომპანიას ეს ფილები ფასადზე, იმდენჯერ ჩამოცვივდებოდა. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გარე ფასადზე გასაკვრელი ფილები სინამდვილეში შიდა ფასადზე იყო გათვლილი.

ახლა არ გაინტერესებთ, ვინ შეადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შენობის ფასადი უნდა შეეკეთებინათ? – ხაშურის მერიის საკუთრებაში მყოფმა შპს “არქიტექტურამ.” ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ კომპანიას პროექტის შექმნაში 3,250 ლარიც გადაუხადა. მერე ეს დოკუმენტები კერძო ექსპერტიზაზეც გაუშვა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

თქვენი აზრით, როგორ დაისაჯა კომპანია ხარვეზიანი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის? – უფასოდ დაამზადებინეს ახალი დოკუმენტაცია. ღვალაძე გვეუბნება, რომ ახლა, ორი წლის თავზე, ითვლიან ზარალის მოცულობას და უახლოეს მომავალში დაიწყებენ მათსავე შპს “არქიტექტორთან” დავას.

მინა-მაგნეზიის ამ ფილებს შენობასთან დღესაც იპოვით

ამასობაში, “არქიტექტორი” აგრძელებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

ჩვენ ვცადეთ შპს „რემონტალთან“ საუბარი. დირექტორს, შალვა ჭოხონელიძეს ვკითხეთ, რატომ აღარ შეაკეთეს ფასადი და რა შუაში იყო საპროექტო დოკუმენტაცია უხარისხო მასალასთან? მან კითხვების დასმა გვადროვა და ბოლოს გვითხრა, არ გიპასუხებთ, წადით და სასამართლოდან გამოითხოვეთ დოკუმენტებიო. ცნობისთვის, სასამართლო დოკუმენტები ჩვენთვის, ანუ მესამე მხარისთვის ხელმისაწვდომი არაა.

ამ გაწევ-გამოწევაში ხაშურის მუსიკალური სკოლა ისევ შელამაზებას ელის. მერიაში გვითხრეს, უახლოეს მომავალში შევლესავთო. უახლოესი როდისაა, ვერ დაგვიკონკრეტეს. 2019 წლის ბიუჯეტში თანხა ამ საქმისთვის გამოყოფილი არაა.

სტატია ქვეყნდება “ღია საზოგადოების” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.