ვინ რა პოსტს დაიკავებს ახალ მთავრობაში? – “ქართულმა ოცნებამ” პრემიერის და მინისტრების კანდიდატურები წარადგინა

894

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. სპეციალური ბრიფინგი მმართველი პარტიის ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამართა.

ამავე ბრიფინგზე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარგენილნი. რაც შეეხება ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

ბრიფინგზე ითქვა, რომ სამთავრობო გუნდში სხვა ცვლილებები არ იგეგმება. გახარია პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დღეს წარუდგენს.

გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც 20 ივნისის ღამის შემდეგ აქციებზე ითხოვენ, ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე, 2016-2017 წლებში ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, 2014-2016 წლებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ხოლო 2013-2016 წლებში – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.

სახელმწიფო სამსახურში დასაქმებამდე, 2008-2013 წლებში გახარია Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; 2006-2009 წლებში – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი, ხოლო 2004-2008 წლებში – SFK Group-ის გენერალური დირექტორი.