ლენტეხისა და მესტიიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

108

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზაგარის უღელტეხილზე უერთდება ერთმანეთს, რაჭა-ლეჩხუმის, ქვედა სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმოდგენს.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი მესტია-კალა-უშგული-ლასდილი-ლენტეხის 52 კმ-იანი გზის ნაწილია. ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების რაოდენობა შეადგენს  3 ობიექტს, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 62 790 300 ლარია, ხოლო მესტია-კალა-უშგულის მონაკვეთზე დაგეგმილია 3 პროექტის განხორციელება, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 33 822 600 ლარია. ბოლო პერიოდში, ამ მარშრუტმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა ადგილობრივი და განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო. დღევანდელი მდგომარეობით, არსებული საავტომობილო გზა პრაქტიკულად ამორტიზებულია, გზის სიგანე შევიწროებულია და სავალი ნაწილი ძლიერ დაორმოებული, არსებული ხელოვნური ნაგებობები კი პრაქტიკულად დანგრეულია. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, გზის რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება, არსებული ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, პარამეტრების გაუმჯობესება და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ რეგიონების ეკონომიკური, ტურისტული და საკურორტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება სოფ. უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

2020-2022 წლებში ეტაპობრივად იქნება დასრულებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 100 000 000 ლარამდეა.