ჭიათურაში მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა შეიზღუდა

72

წინა სტატია

1-ლი სექტემბრიდან ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე, მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

ჭიათურის მერიის განცხადებით, პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს მუნიციპალიტეტში და ქალაქის დამტვერიანებას იწვევს, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გადაიჭრა.

მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზმა ” პეროქსიდული მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მადნის დამშვები და მიმღები მოედანი მოაწყო. ახალი სქემით მადანი ახალაშენებულ მოედანზე დასაწყობდება, საიდანაც ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკამდე ვაგონებით გადაიზიდება. სარკინიგზო პლაცდარმზე განთავსდება სასწორი და ლაბორატორია.

გარდა ამისა, უკვე მოწყობილია კერხერები, რომლის მეშვეობით მადნით დატვირთული ყველა ავტომობილი გაირეცხება, დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ და მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, ის ობიექტები მოინახულეს, რომლის მშენებლობა კომპანიამ ჭიათურაში გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ივნისში დაიწყო.

დღეიდან ძალაში შედის შეთანხმება ქალაქის ტერირორიაზე მძიმეწონიანი მანქანების შეზღუდვის შესახებ. „ჯორჯიან მანგანეზმა” სიტყვა შეასრულა. ჩვენ ვნახეთ დასრულებული, ზოგან ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოები. ამიერიდან, მადნის დასაწყობება რკინიგზით მოხდება. რჩება მცირე ნიუანსები ,რაც თანდათან მოგვარდება. ვფიქრობთ მომავალ პერსპექტივებზე,რომელიც დავსახეთ საწარმოს ხელმძღვანელებთან ერთად და მათ ეტაპობრივად განვახორციელებთ”, – განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ. 

“ექვს ობიექტზე მოვინახულეთ ის სარეცხები,რომელიც სრულად აღკვეთავს დაბინძურებული მანქანების საერთო სარგებლობის გზებზე გამოყვანას.მოეწყო კიდევ ერთი ახალი ე.წ ,, სანაყარო,, პეროფის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე მოეწყო ახალი სასაწყობე მეურნეობა , რომელიც გათვლილია 45 ათასი ტონა მადნის დასასაწყობებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემის 90 პროცენტი, რომელიც ეხება მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობას -აღმოფხვრილია . შესაბამისად, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ სრულად გადავიდეთ ტრანსპორტირების ისეთ საშუალებებზე ,როგორიცაა რკინიგზა და საბაგირო. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში, ჩვენ შევძლებთ ნედლი მადნის და კონცენტრატის ტრანსპორტირება მანქანით ქალაქის ქუჩებში სრულად აღმოიფხვრას,”- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის” საოპერაციო მართვის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

ჭიათურაში მადნით დატვირთული მანქანების ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილებას ადგილობრივები დიდი ხანია აპროტესტებდნენ. რამდენიმე თვის წინ ჭიათურაში საზოგადოებრივი მოძრაობის “მომავლის ჭიათურას“ ორგანიზებით მერიის წინ საპროტესტო აქციაც გაიმართა, სლოგანით – “მოიშორე ტალახი“.

აქციის მონაწილეებმა ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვებისა და გადაზიდვის შედეგად გარემოს დაბინძურების ზუსტი მაჩვენებლების დადგენა, ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე მანგანუმის მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის შეწყვეტა და მისი რკინიგზით ან სხვა ალტერნატიული გზებით ტრანსპორტირება მოითხოვეს.