თბილისის მერია მიწისქვეშა ნაგვის ურნებისთვის 7 მილიონამდე ლარს დახარჯავს

1550

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერია მიწისქვეშა ნაგვის ურნებისთვის 7 მილიონამდე ლარს დახარჯავს. “თბილსერვის ჯგუფს” უკვე გამოცხადებული აქვს სახელმწიფო შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 6 900 000 ლარია. ამ თანხაში თბილსერვის ჯგუფს სურს, რომ 200 ცალი 3 მეტრ კუბი მოცულობის მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი ბეტონის ბუნკერით და 10 ცალი 3 მეტრ კუბი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინოს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

სატენდერო წინადადებების მიღება 10 სექტემბერს სრულდება. პროდუქციის მიწოდება კი 2020 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წლიდან მწარმოებელ კომპანიას, საქართველოს ან/და ევროკავშირის წევრს სახელმწიფოებში მიწოდებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5000 ერთეული მიწისქვეშა სისტემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც დადასტურებული იქნება შემსყიდველის მიერ.

ასევე, მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება მიწისქვეშა კონტეინერების სისტემების წარმოებაში, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია.

მიწისქვეშა ნაგვის ურნების პროექტი თბილისის მერიამ რამდენიმე წლის წინ 2016 წელს დააანონსა, თუმცა, ამ დრომდე არ განხორციელებულა. როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელება თბილისში ჭავჭავაძის გამზირიდან უნდა დაიწყოს.