დღეს პრემიერმინისტრი სამთავრობო ცვლილებებზე თოქ-შოუების წამყვანებთან ისაუბრებს

64

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, 15:00 საათზე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე პრემიერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ილაპარაკებს, – წერს “ნეტგაზეთი“ მმართველი პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება.

1 სექტემბერს “ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ “მოცულობითი ინფორმაცია“ ხვალ, 2 სექტემბერს გავრცელდება.

იმედინიუსის ცნობით, მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარტიაში დაგეგმილ შეხვედრაზე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის შეცვლის საკითხზე უნდა ემსჯელათ. მის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სახელდება, მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც განიხილებოდა.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე “ოცნების” მთავრობის ყოფილი შს მინისტრის და შემდეგ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის და შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურები განიხილება.

კიდევ ერთი ვერსიით, ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორია შეცვალოს.