რატომ ცეკვავდნენ მაზრის უფროსის თანაშემწის სახლის წინ თელაველები ცანგალა და გოგონას, რა შექმნეს გულგულელებმა და რატომ დაემუქრნენ სახლების მფლობელები ტფილისის გუბერნატორს

4674

წინა სტატია

ავტორიირმა სინაურიძემაყაშვილი

ორიოდე დღის წინ თელავში, ვახვახიშვილების სახლთან, შეკრებილა დიდძალი ხალხი და მაზრის უფროსის თანაშემწის, ობოლენსკის სახლისკენ სულ ცანგალა და გოგონას ცეკვით წასულა… მთელი ქალაქი დაჭერილია, თელავის ციხე პატიმრებით არის გადავსებული და ხვალ ჩვენი ჯერიც მოვა, ამიტომაც ასე, ცანგალა და გოგონათი, საკუთარი ნებით გავმწესდებით  სატუსაღოშიო… თელავის მაზრის უფროსს მოუხსენებია სადაც ჯერ არს, ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკური კეთილსაიმედოობის მხრივ ქალაქ თელავშია, რომელიც, როგორც მე  დავრწმუნდი, რევოლუციური მოძრაობის ლიდერების და აგიტაციის ბუდეაო… თელაველი ახალგაზრდები ქალაქის ქუჩებში დადიან და რევოლუციურ სიმღერებს ხმამაღლა მღერიან. თელავის ბულვარში  ყოველ საღამოს იმართება  რევოლუციონერთა კრებები, მიტინგები,  გვიან ღამემდე გრძელდება  და მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრება.. სულ აირია ქვეყანა, ანარქისტებისა და რევოლუციონერების გადამკიდე, ისეთი ქაოსია, ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. ახლა ამ რევოლუციონერებს ავაზაკი ხალხი მიეტმასნა და რევოლუციის სახელით არის გაჩაღებული ხოცვა, ჟლეტა, ქურდობა და უბედურება. მეფის კაცებს ვუსწორდებით  იარაღითო, -ამბობენ… მაგრამ  ამ ხალხში კარგი ადამიანებიც ხომ არიან? ერთ ქვაბში ყველას მოხარშვა ვის უთქვამს?! ამას რომ თავი დავანებოთ, რევოლუციონერებს შორის უდანაშაულო მსხვერპლიც ბევრია და ეს დიდი ცოდვაა, როდის ვის ეწევა, უფალმა იცისო…

გაციმბირებული რევოლუციონერი, 1907 წელი; ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

შარშან გულგულაში ადგილობრივმა მოსახლეობამ რომ გააგდო ჩინოვნიკები და გამოაცხადა, ყველანაირი ძალაუფლება დავამხეთო, მიწა და საკუთრება საყოველთაოაო, გლეხებმა ყველა ღობე  დაანგრიეს, შეკრიბეს საერთო ქონება და საზოგადოებრივი სახლი და სკოლა დააარსეს. ახლა თანაბრად  გავიყოთ პროდუქტებიო, – ამბობდნენ… საერთო კრებაზე დიდი წარწერაც გამოფინეს: „ყველას – მოთხოვნილების მიხედვითო“. მხოლოდ ცხრა თვე გაძლეს… მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა ამ ამბავში, ათიოდე კულაკის გარდა… ბოლოს ჟანდარმერიამ სოფელი აიღო .. ბუნტის მონაწილეები და დამაარსებლები ციხეში ჩასვეს. ამბობენ, ამ ამბის მოთავე ვანო კოლელიშვილი ახლა მეტეხის ციხეში ზის და მალე გააციმბირებენო…

თელავის ბულვარში საპარიკმახერო ,,ჟოზეფი“ დახურეს, ტერორისტთა ბუდეაო.. ახლა რა ეშველებათ, ამ საშიშარ დროს, ეს საშიშად გაბურძგნული ხალხი  ხომ გულებს დაუხეთქავს ერთმანეთს… 25 ივლისს კახური ღვინოების საწყობის „პრიკაზჩიკი“, თელავის მაზრის მცხოვრები, ვანო კიტაშვილი ციხეში ჩაუსვიათ, როგორც საზოგადოებისათვის მავნე პირი და უკან მიუყოლებიათ ყველა, ვისაც ოდესმე მისთვის გამარჯობა უთქვამს… გამარჯობის სათქმელი თავი ვიღას აქვს, ეგერ, ტფილისის გუბერნატორთან ქალაქის სახლების მფლობელები მისულან და მოუთხოვიათ, გაიზარდოს ჟანდარმების რაოდენობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახლებში შევარდნა, ხოცვა-ჟლეტა, ფულის გამოძალვა და მისთანა უბედურებები… გუბერნატორს  დაუჩივლია, თანხები არ გვყოფნის მაგ საქმისთვისაო. მაშინ სახლების მფლობელები დამუქრებიან, ჩვენ თავად ვიყიდით იარაღს, დავურიგებთ ჩვენს მეეზოვეებს და შედეგებზე თქვენ აგეთ პასუხიო…

ფრეილინის ქუჩაზე ბანკი  გაუძარცვავთ… მთელ ქალაქში გაისმა საშინელი ხმა სროლისა. კაცი ვერ გაარჩევდა, ზარბაზნებს ისროდნენ, თუ ყუმბარებს აფეთქებდნენ. სროლის ხმა გაისმა რვაჯერ. გოლოვინის პროსპექტზე, პუშკინის ქუჩაზე, ვორონცოვის ხიდზე, მიხეილის ქუჩაზე ხალხი აქეთ-იქით გარბოდა, მიაქროლებდნენ ეტლებს, კეტავდნენ მაღაზიებს. არავინ იცოდა, რაში იყო საქმე, მაგრამ მაინც იმალებოდა. მსგავსი რამ საქართველოში კი არა, მთელ კავკასიაში არ მომხდარაო…

ისე, რაღაც კარგი არ ტრიალებს ჩვენს თავს, თუმცა, ცხოვრება მაინც თავისი გზით მიდის…

ორი დღის წინ თამბაქოს ფაბრიკის მფლობელს, ბატონ ბოზარჯიანცს მუშები აუბუნტდნენ და შემდეგს ითხოვდნენ: ხაზეინს უფლება არა აქვს, მუშები დაითხოვოს, ხოლო თუ დაითხოვს, სამი თვის ჯამაგირი უნდა მისცესო… მუშები ამბობდნენ, ფაბრიკის ადმინისტრაცია ვალდებულია, საჭიროების დროს ავანსი მოგვცესო. ერთი თვის განმავლობაში, მუშამ რომ 6 დღე გააცდინოს, არ უნდა იქნეს დათხოვნილიო. ბოზარჯიანცმა კიდევ, საბოლოოდ გამოაცხადა ლოკაუტი და თავის მუშებს ასეთი მოთხოვნები წაუყენა: მუშების მიღება-დათხოვნა ხაზეინის საქმეაო, არავითარი ავანსებიო, თუ ერთი თვის განმავლობაში მუშამ 6 დღე გააცდინა, აუცილებლად დავითხოვო… სადილობისთვის დასვენება არ იქნება, საუზმისთვის მხოლოდ ნახევარ საათს მოგცემთო; მუშაობის დროს მუშებს  ხმამაღალი ლაპარაკი გეკრძალებათო; თუ სამუშაო არ იქნება, 2 კვირის ჯამაგირს მოგცემთ და თუნდაც ყველა მუშას ისე დავითხოვ, მზე მაღლა იყოსო…

საგაბაშვილო-თხინვალის სააგარაკოში, საბურთალოსთან ახლოს, ვერაზე, ისევ ისყიდება მიწები… 25, 40, 60 და 80 კაპეიკი თითო ოთხკუთხა ნაჭერი… ნაწილ-ნაწილათ,  ერთი წლის გადახდის ვადით იძლევიან, მიწები უკვე დაყოფილია უჩასტკებად და ბეების შეტანისთანავე ყველას ჩაბარდება თავისი ხვედრი მამული, მაგრამ  რათ გინდა, ვინ იყიდის? მგლებისა და ტურების ადგილიაო, – ამბობენ ქალაქში, ელიბუა მენახშირე  და მეშეშეების მეტი იქ არავინ ცხოვრობსო – ასე გაურჩევიათ თელავისა და ტფილისის ამბები 1907 წელს… მაშინ ოტო ბისმარკს უკვე ნათქვამი ჰქონდა: ,,რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები“!