საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

809

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში – ახალქალაქში, ხაშურში, ქედაში, ლანჩხუთსა და ფოთში თვითმმართველობის თანამშრომლებისა და შესაბამის რეგიონებში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებმა მონაწილეობითი ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს. ამავდროულად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებსაც გაეცნენ.

პროექტის დირექტორის, მაგდა პოპიაშვილის განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა დაინერგოს, რისთვისაც, პირველ ეტაპზე, ტრენინგები მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ჩატარდა.

„მეორე ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, შევარჩევთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე შესაფერის და მისაღებ მოდელს, რის შემდეგაც მას დავნერგავთ. გარდა ამისა, თვითმმართველობებს დავეხმარებით, კომუნიკაციის სტრატეგიები შექმნან, რაც ძალიან საჭიროა როგორც მოქალაქეებთან, ისე მედიასთან ურთიერთობისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ადამიანი ჩართონ, რაც, ზოგადად, თვითმმართველობის უპირველესი ამოცანაა”, – განაცხადა პოპიაშვილმა.

ანალოგიური ტრენინგები, ასევე, ჩატარდება ლაგოდეხში, რუსთავში, მცხეთაში, ზესტაფონსა და ონში. ტრენინგი, რომელსაც ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში – ირაკლი მელაშვილი, კოკა კიღურაძე და მაგდა პოპიაშვილი უძღვებოდნენ, საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ – ფარგლებში ჩაატარა.