ქედაში თვითმმართველობის მოხელეებმა და ჟურნალისტებმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი გაიარეს

225

ქედაში თვითმმართველობის მოხელეებმა და აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების თემაზე ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგის მიზანი იყო, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეღოთ ცოდნა, თუ როგორ უნდა შედგეს მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტი და რა საკომუნიკაციო არხები უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.

ტრენინგის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო მხარდაჭერის, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებსაც.

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ – საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში ჩაატარა.

პროექტის ფარგლებში ანალოგიური სწავლება 10 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი, რის შემდეგაც თვითმმართველობები მონაწილეობითი ბიუჯეტირების მათთვის მისაღებ მოდელს შეარჩევენ და მომდევნო წლიდან განახორციელებენ.