ვინ და რატომ „იძალადა“ ამომრჩეველზე

863

„ამომრჩეველზე ძალადობა“, „საჩვენებელი აქტი“ „კოდექსის დარღვევა“, _ ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ, რომელიც დღეს ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.

ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა შორის არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, საქართველოს მედია კლუბი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, რეგიონის განვითარების ცენტრი და ა.შ დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც მედიას და მოსხლეობას სასამრთლოში შეტანილი სარჩელი გააცნეს.

არასამთავრობოების განმარტებით, მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის შესაბამისად, საკითხის საჯარო განხილვა მომხდარიყო, ხელისუფლებამ უარი თქვა ამ განხილვებზე, პროცესი, პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა წარმართა და გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო. ყოველივე ამით კი დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯერ მუნიციპალიტეტებში, შემდგომ კი საქართველოს პარლამენტში გაგზავნილ დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები „თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ გამართა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, უნდა გაემართა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და არა სხვა რომელიმე ორგანიზაციას. გარდა ამისა, „თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ მიერ გამოცემულ ოქმში პირდაპირ წერია, რომ მან გამართა 7 რეგიონული შეხვედრა, რომელსაც, უმეტესად, მერები/გამგებლები, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ეს შეხვედრები მათთან კონსულტაციის მიზნით ვერ ჩატარდებოდა. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სათემო მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ცალ-ცალე უნდა გამართულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების შესახებ ოფიციალურად „თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ მიერ გამართულ შეხვედრებზე მიუთითებს, მან, მოთხოვნის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მიუწოდებია.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა “შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის” შესახებ და მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, ვინაიდან მსგავს რეჟიმში წარმოებული რეფორმის შედეგი არა მხოლოდ ამ რეფორმის ლეგიტიმაციის მიმართ აჩენს შინაარსობრივ კითხვებს (რადგან, უმეტეს შემთხვევებში, იგი შესაბამისი მუნიციპალიტეტების ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა), არამედ უშუალოდ პროცედურის კანონიერება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რის გამოც სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულ შეხვედრაზევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, არასამთავრობოების მიმართვა მნიშვნელოვანია, იმითაც, რომ ეს ძირეული ცვლილებები თვითმმართველ ქალაქებს ეხება.

„თავიდანვე საქართველოს პრეზიდენტი სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ცვლილებებისმიმართ, რომელიც თვითმმართველობას და თვითმმართველ ქალაქებს ეხება. ჩვენ გულისყურით მოვეპყრობით არასამთავრობოების მომართვას, ვნახავთ ამ პაკეტს,რომელიც იქნება მიღებული და განვიხილავთ წინადადებას არ მოვაწეროთ ხელი“, -განაცხადა ანა დოლიძემ.

„გურია ნიუსი“ კომენტარისთვის საკითხის ინიციატორს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ „არაფერ შუაში“ არიან და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის დადგენილებას ასაჩივრებენ.

„ამ ეტაპზე არ ვთვლით მიზანშეწონილად კომენტარი გავაკეთოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები ასაჩივრებენ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას. ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა, რომელიც მოიწონა მთავრობამ და მიიღო დადგენილება პარლამენტმა. მოპასუხე პარლამენტია“, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ სამინისტროში და დასძინეს, რომ „ზოგადად სამინისტროს პოზიცია ცნობილია და აქ არაფერი შეცვლილა“.

„თვითმმართველობის კოდექსში წერია, რომ როდესაც მოხდება მუნიციპალიტეტების გადახედვა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საჯარო განხილვები წარიმართოს მოსახლეობასთან. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც მთავრობამ დაიწყო მსჯელობა თვითმმართველი თემებისა გაერთიანების საკითხზე საუბარი, ვნახეთ, რომ კონსულტაციები არ წარმართულა. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ მთავრობიდან მივიღეთ პასუხი, რომ კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან წარმართა „ნალამ“ (ადგილობრივი თვითმმართველობის გაერთიანება), თუმცა, კანონი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ კონსულტაციები უნდა წარმართოს კომისიამ, რომელიც მთავრობის მიერ არის შექმნილი. მასში ჩართული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა. რაც შეეხება კონსულტაციებს, „ნალას“ განმარტებით, კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არ გამართულა და მოგვწერეს, რომ ამის ვალდებულებაც არ აქვთ. მათი განცხადებით, შეხვედრები რომელიც წარიმართა, სულ სხვა საკითხზე იყო და მასში მერები, გამგებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები არ გამართულა და ჩვენი სარჩელის საფუძველიც ეს არის, რომ დაირღვა თვითმმართველობის კოდექსი, ამიტომ სასამართლოსგან ვითხოვთ ბათილად ცნოს პარლამენტის დადგენილება, რომლითაც ახალი მუნიციპალიტეტები იქმნება“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას საიას იურისტმა ირმა პავლიაშვილმა.

„ის გადაწყვეტილება, რაც ხელისუფლებამ მიიღო თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით, ცალსახად უარყოფითია, რადგან ეს ცუდად აისახება თვითმმართველობის განვითარებაზე ქვეყანაში, რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობა მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლოს იყოს. გარკვეული პროგრესი იყო 2014 წელს განხორციელებული რეფორმის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატია იმით იზომება, როგორ არის განვითარებული თვითმმართველობა. ამიტომ ძალიან უცნაური და უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც პოზიტიური რეფორმა განახორციელა, თვითონვე გააუქმა ეს რეფორმა და უკან დაგვაბრუნა დროში“, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას „სამართლიანი არჩევნების“ პროექტის კოორდინატორი ელენე ნიჟარაძე.

მისივე თქმით, რაზეც სახელმწიფო აპელირებს, რომ 5 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული ხარჯი დაიზოგება ამ გაერთიანებით, ეს არ არის დამაჯერებელი არგუმენტი, რაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას გაამართლებდა.

„გარდა ამისა, გაურკვეველია, როგორ აპირებენ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. რადგან გაერთიანების შემთხვევაში მეტი მოხელე სჭირდება მუნიციპალიტეტს, ვიდრე ცალკე თემს ან ცალკე ქალაქს. არ არის გამართლებული და დამაჯერებელი ეს არგუმენტი. ფაქტობრივად, ეს არის ერთი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არ იზიარებს არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც არასამთავრობო სექტორი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თვითმმართველობებმა თავად დაუჭირეს მხარი გაერთიანებას, რაც კიდე ერთხელ ადასტურებს, რაოდენ ძლიერია ცენტრიდან ადგილობრივ ხელისუფლებაზე გავლენა“, _ ამბობს ნიჟარაძე.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე: რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილების მოტივი? _ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი გვპასუხობს, რომ „ამ საკითხზე არგუმენტი ხელისუფლებისგან არავის მოუსმენია“.

„აქ მხოლოდ მკითხაობა და ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. არ გამოვრიცხოთ ის, რომ მიზეზი შეიძლება ფინანსური რესურსის დაზოგვა იყოს, რასაც ხელისუფლება აცხადებს. საუბრობდნენ მენეჯმენტთან დაკავშირებითაც და არ გამოვრიცხავ, რომ ადგილზე პოლიტიკურად სანდო მხარდამჭერების თუ წარმომადგენლების შერჩევა, რომლებიც გამგებლების, მერების, საკრებულიოს თავმჯდომარეების თუ წევრების ფუნქციით იქნებოდნენ ადგილებზე. ას გადაწყვეტილებით, იქ სადაც სჭირდებოდათ ორი ათეული ასეთი ადამიანი, ახლა ერთი ათეული დაჭირდებათ, რადგან ერთი თვითმმართველობა და ერთი თვითმმართველი პირი იქნება. ამას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური მიზნებიც, მათ შორის საარჩევნოც. თუ ბოლო არჩევნების შედეგებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ქალაქებში უჭირთ გამარჯვების მოპოვება. ის იმარჯვებს, მაგრამ მეორე ტურში და მეტი პრობლემით. ამავე დროს შეიძლება ეს იყოს შეტყობინება სხვა თვითმმართველობებისთვისაც, ცენტრალური ხელისუფლება შესაძლოა იჩენდეს. საჩვენებელ აქტს აკეთებდეს, რომ მასზეა ბევრი რამ დამოკიდებული და არა მარტო ცალკეული თვითმმართველობას შეუქმნას პრობლემა, მას საერთოდ შეუძლია რომ გააუქმოს თვითმმართველი ქალაქები. ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ რა შედეგი დგება ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენი შეფასებით, უფრო დიდი ზიანი ადგება დემოკრატიის პროცესს, ვიდრე იმ რეალობით, რომელიც დღეს გვაქვს“, _ ამბობს დევდარიანი.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მივიღეთ სახიფათო მოცემულობა – ძალადობა საზოგადოებაზე, ამომრჩეველზე, მის ინტერესებზე და რაც მთავარია თვითმართველობის წარმომადგენლებზე ძალადობა“, _ ასე აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი ხელისუფლების მიღებულ გადაწყვეტილებას.

„კანონზე ძალადობა ნიშნავს იმას, რომ არა ვინმეს კაბინეტში, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასთან უნდა გაევლო კონსულტაცია ხელისუფლებას, რაც არ ყოფილა. პირველად მავნებლობის გაჟღებისას, ყველა ქალაქში მოსახლეობა აქტიური იყო და უარყოფითად აფასებდა ამას. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მიღებულია და ეს მოსახლეობაზე ძალადობაა. ვინც ამ ხელისუფლებას მანდატი მისცა იმ ამომრჩეველს კანონი გადაახიეს თავზე არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ. ეს ძალიან სახიფათოა. ხელისუფლებამ იძალადა საკრებულოს წევრებზე, დამოუკიდებელ ინსტიტუტზე. საკრებულოს წევრები თავდაპირველად ძალიან დაუპირისპირდნენ ამ ინიციატივას, ოზურგეთში, მცხეთაში და ა.შ. მერებიც კი იყვნენ ამის წინააღმდეგი, მაგალითად, თელავის მერი; მაგრამ დაიბარეს თბილისში, ჩამოიყვანეს ეს ხალხი და უკან დაბრუნებულებმა საკუთარივე, საჯაროდ გამოხატული პოზიცია შეცვალეს საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს არ არის დემოკრატიული გზა. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე ხელისუფლებას ტენდენციად ექცა ძალადობა“, _ ამბობს ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს კენჭი გუშინ უყარა. ცვლილებების თანახმად, 12 თვითმმართველი ქალაქიდან 7 გაუქმდება და ისინი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდება.

პარლამენტმა 15 ივნისს ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების შესახებ დადგენილებას კენჭი უკვე უყარა. ის ძალაში არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს შევა.
გარდა ამისა, ინიცირებული კანონპროექტით, მუნიციპალიტეტების გამგებლებს სახელი გადაერქმევა და მათაც, ქალაქების მერების მსგავსად, მერი დაერქმევა.

წყარო: გურიანიუსი