2019 წელს ახალციხეში 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

151

ახალციხეში წელს განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ასზე მეტ მცირე და მსხვილ პროექტს აერთიანებს. რისთვისაც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიის მიერ „სამხრეთის კარიბჭესთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 40 სხვადასხვა ტიპის პროექტი უკვე დასრულდა, რისთვისაც ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან 3 688 884 ლარი დაიხარჯა.

სკოლები

ახალციხეში წელს რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. მერიის ინფორმაციით, აგარის, ურავლის, ვალის N2, წნისის, მინაძის, საყუნეთის, სვირის, ანდრიაწმინდის, ახალციხის N2 და N6, წყრუთსა და აწყურის სკოლების რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. გარდა ამისა, წელს რეაბილიტაცია დაგეგმილია ქალაქ ახალციხის N5 და სოფელ ანის სკოლებშიც, თუმცა სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

რეაბილიტაციისთვის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან 800 000 ლარამდე გამოიყო.

ამბულატორიები

მერიის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში წელს უნდა აშენდეს შვიდი ამბულატორია. სოფლებში – ურაველი, კლდე, ღრელი, საძელი, აგარა, თისელი და ხეოთი. რისთვისაც რეგგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 679 510 ლარია გამოყოფილი.
მუგარეთში, სხვილისსა და პატარა პამაჯში კი არსებულ ამბულატორიებს ლარად რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ჯამურად 105 953 ლარია გათვალისწინებული.

გზები

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მსხვილი პროექტები გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დასრულებული და მიმდინარე გზის მოასფალტების პროექტებისთვის ჯამურად 7.5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. განხორციელებულ პროექტებს შორის, ყველაზე ძვირადღირებული საბარგო სადგურის დასახლებაში გზის მოასფალტება იყო, რისთვისაც რეგ. ფონდიდან 1 357 767 ლარი გამოიყო.

მიმდინარე პროექტებს შორისაა ურაველი-აგარის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც 1 487 718 ლარი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყო. გზის რეაბილიტაციას შპს „მშენებელი 2012“ ახორციელებს.

ქალაქ ახალციხეში რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩების მოასფალტებისთვის კი 1 554 321 ლარი, რეგ. ფონდიდან გამოიყო და შპს „არალი“ ახორციელებს. იგივე კომპანიამ 754 805 ლარად გააკეთა სოფელ გურკელის და წინუბნის გზის მონაკვეთიც.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის სოფლებისთვის ჯამში 852 000 ლარია გათვალისწინებული.

სოფლების პროექტებს შორისაა შიდა გზების რეაბილიტაცია სოფლებში ურაველი, საძელი და წირა.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილია სარწყავი და სასმელი წყლის რეზერვუარებისა და არხების მოწყობაც.

ანდრიაწმინდაში, ანდასა და წყორძაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და წყლის გამანაწილებლის უჟანგავი ლითონით მოწყობა მოხდება. სამი სოფლის პროექტისთვის ჯამურად 69 196 ლარია გამოყოფილი.

სარწყავი სისტემებისა და არხების რეაბილიტაცია იგეგმება ქალაქ ვალეში, ასევე სოფლებში: ღრელი, ტატანისი და სხვილისი.

ხეოთში, წყორძაში, ანდაში, დიდ პამაჯში, საძელში, ხაკში, ანსა და აგარაში – სასმელი წყლის რეაბილიტაცია იგეგმება.