ბოლნისში 2008 წლის ომში დაღუპული სამი მეომრის ქუჩა გაიხსნა, მათ ოჯახებს კი 500-500 ლარი გადასცეს

1058

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ სოფელ დისველში –  ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში – ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინით შეამკეს.

ბოლნისის საკრებულოს განკარგულებით, იმ უბნებს, სადაც დაღუპული გმირები ცხოვრობდნენ, მათი სახელები მიენიჭათ. ასლან შაინიძის, ნოდარ დევნოზაშვილისა და საბა დადვანის სახლებზე სიმბოლური აბრები განთავსდა. ბოლნისის მერიამ კი ერთჯერადი დახმარების სახით, გარდაცვლილი გმირების ოჯახებს პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაურიცხა.

რუსეთის აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და სამი ჟურნალისტი შეეწირა. 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. საქართველოს ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ.