გარემოს დაცვის მიმართულებით სამეგრელოში ახალგაზრდების 4 იდეა განხორციელდება

128

სამეგრელოში ახალგაზრდების მიერ შემუშავებული 4 იდეა დაფინანსდება, რომელიც გარემოს დაცვაზეა ორიენტირებული. უკვე ცნობილია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (სენის) ინიციატივით შექმნილი “მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მონაწილეების იდეები, რომლებიც დამუშავების შემდეგ დაფინანსდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ახალგაზრდების სამეგრელოსთან დაკავშირებული ხედვები დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს.

“მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მონაწილეები არიან სტუდენტები საქართველოს 5 უნივერსიტეტიდან, მათ შორის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტიდან.

ზუგდიდელი სტუდენტების იდეაა სოფელ ჭკადუაშში მდებარე კავკასიური სოჭის სანერგეების ბიზნესი განავითარონ. იდეის ავტორების – თეკლე ჯღარკავასა და თენგო ახალაიას განმარტებით, მოსახლეობა 90-იანი წლებიდან არალეგალურად ეწევა ამ საქმიანობას, რადგან ნერგები, რომლებსაც ყიდიან ტყიდან არის მოპოვებული.

“ჩვენ გვინდა მათ დავეხმაროთ, რათა ეს ყველაფერი გახდეს ლეგალური, შემდეგ გვინდა, რომ ეს ყველაფერი ერთი ბრენდის ქვეშ მოვაქციოთ, რაც პროდუქტის ხარისხსაც გაზრდის და მოსახლეობას შესაძლბლობას მისცემს მონაწილეობა მიიღონ დიდ ტენდერებში“, – განაცხადა თეკლე ჯღარკავამ.

მეორე იდეა, რომელიც, ასევე, გამარჯვებული გახდა და ასევე, სამეგრელოს რეგიონში განხორციელდება და ის შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. პროექტი მარტვილის ტყეების ტურისტული პოტენციალის გაზრდას გულისხმობს.

გამარჯვებულ სტუდენთა შორის არის კავკასიის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტის, ავთანდილ მინდელის იდეაც. ახალგაზრდას სურს, სოფელ ერგეტასა და ორულუში კერძო ტყეების მფლობელები გაერთიანდნენ – შეიქმნას კოოპერატვი ან შპს.

სტუდენტის თქმით, სწორი მენეჯმენტის და სერვისების დამატებით შესაძლებელია ეს ადგილები გახდეს ტურისტებისთვის საინტერესო.

სენის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი იდეა, რომელიც სამეგრელოს პარალელურად სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც არის საინტერესო, დაცული ტერიტორიებზე მაღაზიების ქსელის მოწყობაა, სადაც ტყის მასალა გაიყიდება.

“ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობამ ტყეს შეხედოს არა მერქნული დამოკიდებულებით, მოჭრას და ა.შ, არამედ პირიქით იგრძნოს სარგებელი“, – განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით “მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მონაწილეების 10 იდეა გახდა გამარჯვებული, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდება. იდეების ძირითადი დამფინანებელი თავად სენი იქნება და შემდეგ უკვე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი.

ამ მიმართულებით სენთან აწარმოე საქართველო, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ინფორმაციის და განათლების ცენტრი თანამშრომლობენ.