რეფორმის შედეგად, ზუგდიდის გამგეობას 51 უშტატო თანამშრომელი ეყოლება

691

რეგიონებში საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელება დაიწყო. ამ მხრივ გამონაკლისი არც ზუგდიდია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რეფორმის შედეგად, საშტატო ნუსხა მკვეთრად შეიცვალა – 51 თანამშრომელი შრომით ხელშეკრულებაზე გადაიყვანეს.

რეფორმამდე გამგეობას 218 შტატიანი თანამშრომელი, ხოლო 12 ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი ჰყავდა. რეფორმის შემდეგ აღნიშნული 12-დან 11 საჯარო მოხელე გახდა, დარჩენილ ერთს კი 2 “აიტი” სპეციალისტი და 48 სოფლის რწმუნებული დაემატა. შესაბამისად, გამგეობაში ხვალიდან 51 შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი, ხოლო 178 შტატიანი თანამშრომელი იმუშავებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიტუაცია პირიქით შეიცვალა: 1 ივლისიდან უწყებაში 4 შტატგარეშე თანამშრომელი იმუშავებს, 28 კი პროფესიული საჯარო მოხელე იქნება. მანამდე უწყებაში 20 შტატიანი და 12 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი თანამშრომელი იყო.

საკრებულოს აპარატის უფროსი ნატალია პაპასკირი “Newsportal.ge”-თან საუბრისას ამბობს, რომ პრეტენზიები შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანილ თანამშრომლებს არ ჰქონიათ და ისინი წინასწარ იყვნენ ინფორმირებული მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. “ყველა მათგანი ცვლილებას გაგებით მოეკიდა”, – აღნიშნა პაპასკირმა.

საშტატო ერთეული გაიზარდა ზუგდიდის მერიაშიც, სადაც რეფორმამდე 11 შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი მუშაობდა, ახლა კი მათი რიცხვი სამამდე შემცირდა, პროფესიულ საჯარო მოხელედ კი უწყებაში ხვალიდან 124 ადამიანი იმუშავებს.

ამ მხრივ ვითარება საერთოდ არ შეცვლილა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში, სადაც რეფორმამდეც და რეფორმის შემდეგაც 4 უშტატო თანამშრომელი მუშაობს.

წყარო: ნიუსპორტალი