აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის დედას ზუგდიდში დადგმული მემორიალი არ მოსწონს

158

წინა სტატია

აგვისტოს ომში დაღუპული, კაპრალ სერგეი გოროზიას დედას, ზუგდიდში განთავსებული რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი არ მოსწონს და მას უმსგავსობას უწოდებს. როგორც მზია გოროზიამ გამოცემა “ლაივპრესს“ განუცხადა, მიუხედავად ამისა, ის მემორიალის გახსნას 8 აგვისტოს დაესწრება და მედიისთვის დეტალურ დანცხადებასაც იქ გააკეთებს.

“ხვალ მოვყვები ყველაფერს იმ უმსგავსობაზე. ჩვენს ბიჭებზე, რომ არაფერი ვთქვათ, ზუგდიდს ეს არანაირად არ უხდება“, – ამბობს მზია გოროზია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის შერჩევის სამუშაოებში სრულად ჩართული იყო 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალის, სერგეი გოროზიას დედა, მზია გოროზია, რომელმაც შემდეგ ნამუშევარი დაიწუნა.

როგორც “ლაივპრესს“ მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ განუცხადა, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დაღუპული კაპრალის დედის პრეტენზიები, რომელიც მან მედიასთან გამოთქვა. მითუფრო მაშინ, როცა დაახლოებით 15 დღის წინ, მისგან მოისმინეს გარკვეული შენიშვნები რაზეც განმარტებები მიიღო და შეთანხმებაც შედგა.
ლაშა ჯიქიას განმარტებით, მზია გოროზია მანამდე შეხვდა, მემორიალის ავტორს, მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიას, რომელმაც დეტალურად განუმარტა, კომპოზიციის შინაარსი.

“ქალბატონი მზია არ არის ხელოვნებათმცოდნე, რომ მემორიალის მხატვრული ნაწილი შეაფასოს. ის შესრულებულია საკმაოდ მაღალ დონეზე, ურთულესი კომპოზიციისგან შედგება. ქალბატონი მზია ამას პირდაპირ კითხულობს, მაგრამ მემორიალი წარმოადგენს სამგანზომილებიან კომპოზიციას,სადაც გამოსახულია სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების სილუეტები. სიმბოლურად წარმოდგენილია, ამ ომში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 4 ჯარისკაცის ფიგურა, მათ ხელში უჭირავთ საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც ქვეყნის ძლიერების და თავისუფლების სიმბოლო. კომპოზიის მეორე მხარეს გამოსახულია ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მემომრები, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, მარადიული ბრძოლის სიმბოლოები.

კომპოზიციაში ჩართულია ოთხი ფიგურა ვინაიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ოთხი მეომარი დაიღუპა. ესეც სიმბოლურად, თორემ ეს არ არის პერსონალური და ვინმესთვის პერსონალურად დამზადებული“, – განაცხადა ლაშა ჯიქიამ.

მისივე თქმით, მზია გოროზიას სურდა მემორიალი მთლიანად ბრინჯაოსგან ყოფილიყო დამზადებული, რის საპასუხოდაც განემარტა, რომ კომპოზიციის სირთულის გამო სპეციალურ რკინა-ბეტონისგან ჩამოისხა, რომელსაც შემდეგ მიეცა ბრინჯაოს ეფექტი.

კიდევ ერთი შენიშვნა რაც მას გააჩნია, ქვაზე მეომრების ვინაობის დატანის ფორმაა. მერიაში აცხადებენ, რომ დაღუპული კაპრალის დედის შენიშვნები დეკორაციასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნბა:

“მეომრების სახელები ქვაშია ჩაკვეთილი, ანუ ამობურცული, რელიეფური არ არის და ქალბატონ მზიას პრეტენზია ამასთან დაკავშირებითაც გააჩნია. მას უნდოდა რელიეფური ასოები, სამწუხაროდ ეს ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ქალბატონ მზიას შენიშვნებს, მაგრამ თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ამ პროცესში – როდესაც კონკურსი გამოცხადდა, ის ჩართული იყო, ხმის უფლებით სარგებლობდა და როცა გამარჯვებული გამოვლინდა, ამ პროცესშიც იყო ჩართული“, – გვითხრა ლაშა ჯიქიამ.

შვილმკვდარი დედის შენიშვნის შემდეგ, ასევე, მემორიალთან ქართული დროშის ფერებში დაყრილი დეკორატიული ქვების, ფილებით შეცვლა იგეგმება.

მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ჯანსაღი პროცესია, როცა მემორიალი ან რაიმე ტიპის ნამუშევარი ყველას არ მოსწონს. ლაშა ჯიქიას თქმით, ხშირად კომპოზიციებს თავიდან ძალიან ცუდად აღიქვამენ, შემდეგ თვალი ეჩვევა, შინაარსის გაგების შემდეგ კი მისაღები ხდება.

20 წლის კაპრალი სერგეი გოროზია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელია. ის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. მემორიალის დაფაზე აგვისტოს ომში დაღუპული, სამეგრელოს ოთხი მკვიდრის ვინაობაა დატანილი. მათ შორის არიან: კაპრალი სერგეი გოროზია, კაპიტანი კობა სერგია, კაპრალი დავით ჯიქია და კაპრალი ბადრი ბერანძე.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ზუგდიდის ცენტრალურ პარკშია განთავსებული. ის ოფიციალურად ხვალ, 8 აგვისტოს გაიხსნება. მემორიალის მოწყობის სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 ათას 984 ლარი დაიხარჯა.

აგვისტოს ომს სამეგრელოდან 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სულ, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, შეიარაღებულ დაპირისპირებას 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. დევნილად იქცა 150 ათასი ადამიანი, რომელთაგან 30 ათასი ამ დრომდე იძულებით გადაადგილებული პირია.