მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას განიხილავს

955

საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ბახმაროს განვითარების გეგმას, რომლითაც ის ოთხი სეზონის კურორტად გადაიქცევა. ბახმაროს განვითარების შესახებ მთავრობის სხდომაზე შესულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

“ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომელიც მინდა გამცნოთ, არის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობისთვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ბახმაროს ქალაქგეგმარებითი გეგმა, გამოდის მთავრობაზე, რომელიც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის მართლაც ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი, ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. ასევე, ამ კურორტის კანონზომიერ განვითარებას განსაზღვრავს ყველა იმ კომპონენტით, რომელიც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულში დასასვენებელი კურორტი, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს კურორტი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ფოტო: გიორგი ნიკოლავა