ფოთის საკრებულოს სხდომაზე გიორგი გახარიას პლაკატის მიტანას ხმაური მოჰყვა

731

ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია შს მინისტრის პლაკატით მივიდა, რომელზეც გიორგი გახარიას თვალი ჰქონდა ახვეული და ეწერა: “გახარია წადი“. დეპუტატის ამ ჟესტს ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს წევრებმა ცხვიტარიას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. დარეჯან ცხვიტარიას თქმით კი, ვიდრე გახარიას გადადგომის თაობაზე საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, იგი ყველა სხდომაზე ტრასფარანტებით მივა და ფეხზე დადგება.

“ხელისუფლება უნდა გადადგეს. ის აკონტროლებს ყველაფერს, ინტერნეტ სივრცესაც კი. ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთონ, განიხილავენ უაზრო საკითხებს. ისინი იმართებიან ერთი ადამიანის მიერ. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დარეჯან ცხვიტარიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საქმეს აკეთებს და ოპოზიციის ასეთი გამოსვლები არ უკვირს.