სამტრედიის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოში პლაკატები – “გახარია წადი“ მიიტანეს

139

სამტრედიის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საკრებულოში პლაკატები – “გახარია წადი“, მიიტანეს. ამასთან, წითელი ბარათებით დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის მოვლენები და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება.

“სხდომაზე მივიტანეთ პლაკატები წარწერით “გახარია წადი”, კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ განვითარებული მოვლენები და ის, რომ მინისტრი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს სხდომებს და არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრებში, ვიდრე გახარია არ წავა, იქამდე კი ყველა სხდომაზე გვექნება ეს პლაკატები”, – განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

მისი თქმით, მათ ქმედებას უმრავლესობის პროტესტი მოყვა, რადგან ისინი განვითარებულ მოვლენებში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ.