ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას დროებით მარინა ესოიანი უხელმძღვანელებს

683

ნინოწმინდაში ბაგა-ბაღების გაერთიანებას დროებით მარინა ესოიანი უხელმძღვანელებს. რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ესოიანი, ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უცნობია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“ვიმუშავებ რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და საკუთარ ძალებს არ დავიშურებ“,–აცხადებს მარინა ესოიანი.

შეგახსენებთ, რომ ბაღების გაერთიანების წინა ხელმძღვანელის, ნარინე გინოსიანის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტრომ ძიება დაიწყო.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს პასუხისგებაში მისცა, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.

ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა.

გინოსიანისა და მკოიანის საქმეს, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი სწავლობენ.

ნინოწმინდის საბავშო ბაღებში ამდროისათვის სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ბაღებში, პირველი აგვისტოდან, პირველ სექტემბრამდე არდადეგებია.