სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალადჩამოყალიბებული ტურისტული ა(ა)იპ–ისთვის თანამშრომლებს არჩევენ

144

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალადჩამოყალიბებული ტურისტული ა(ა)იპ–ის თანამშრომლების შესარჩევად გამოცხადებულ სამ ვაკანსიაზე, აპლიკანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საკონკურსო კომისიის წინაშე 12 აპლიკანტი წარსდგება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აპლიკანტებთან გასაუბრება დღეს, ხუთ აგვისტოს 11:00 საათიდან დაიწყო. როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე განმარტავს, 12 აპლიკანტთან გასაუბრება დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე კომისიის წინაშე გასაუბრებას ტურისტული ა(ა)იპ–ის აღმასრულებელი დირექტორობის მსურველი ორი აპლიკანტი გაივლის, შემდეგი ხუთი აპლიკანტი ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზაე და ამავე რაოდენობის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერობის პოზიციაზე.

“კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო განსაკუთრებით აღმასრულებელი დირექტორისა და ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე და საკმაოდ კარგი კონკურსანტებიც არიან“, – ამბობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ეკა ორჯონიკიძე.

გასაუბრებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. გასაუბრება ხუთ საათამდე უნდა დასრულდეს, როგორც ეკა ორჯონიკიძე ამბობს, სამივე პოზიციაზე კანდიდატები კვირს ბოლომდე შეირჩევიან.

კონკურსანტების შეფასება ქულებით მოხდება და გასაუბრების შემდეგ ეტაპზე ისინი გადავლენ, ვინც სხვადასხვა კომპეტენციებით 70%–ს გადალახავენ.

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.