C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად დიაგნოსტიკური კვლევები უფასო იქნება

134

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასო იქნება.

როგორც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა, თუმცა პროგრამაში შედის ცვლილება და ამ ხარჯის გაწევა საჭირო აღარ იქნება.

“ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მინდა გესაუბროთ, რომელიც ც ჰეპატიტის პროგრამაში შევიტანეთ. იცით, რომ საქართველო არის ძალიან წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს ც ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ მასში პერიოდულად ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს. ერთ-ერთი ცვლილება გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სერვისიც გახდეს უფასო”, – განაცხადა ბახტაძემ.