ადიგენის სოფელ ხევაშენს რამდენიმე დღეა წყალი არ მიეწოდება

154

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენს რამდენიმე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ სოფელს წყალი განრიგით აქვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მოსახლეობა საჯაროდ წყლის პრობლემაზე საუბარს ერიდება, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სასმელი წყალი არ მოდის. ეზოში მოსავლის მორწყვაზე კი ლაპარაკი ზედმეტია.

“ოთხი დღის განმავლობაში სადღაც ერთი საათით მოვიდა მხოლოდ წყალი, ისიც ისე ცოტა მოდიოდა, რომ ერთი “ბაკის“ ავსება მოვახერხე და დაშრა“, – განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს” ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ სოფელს წყალი განრიგით აქვს, თუმცა მოსახლეობის განცხადებით არანაირ განრიგზე საუბარი აღარ არის, რადგან წყალი დღეებია არ მიეწოდებათ.

სოფელ ხევაშენში წყალი არ მოდიოდა ორი კვირის წინაც. მოსახლეობამ მაშინ მსგავსი განმარტება მოისმინა – “აბასთუმანში ინტერნეტი გაჰყავთ, მანქანების მუშაობის დროს წყლის მილიც დაზიანდა“.

მილის დაზიანების ფაქტს ადასტურებს არსენ ბალახაშვილი და ამბობს რომ ამ დროსთვის პრობლემა აღმოფხვრილია. თუმცა რატომ არ მოდის ამ დროსითვის სოფელში წყალი მაინც გაურკვეველი რჩება.

“როცა “ბასეინში“ წყალი დაგროვდება სოფელში წყალიც განრიგით მოვა“, – ამბობს არსენ ბალახაშვილი.

სოფელ ხევაშნის ცენტრში წყაროს წყალი მოდის, თუმცა ყოველ დღე ასობით ლიტრი წყალი 100–150 მეტრზე და მეტი მანძილიდან მიიტანო ძალიან რთულია.