კიდევ ერთი კომპანია ხაშურში, რომელმაც საბავშვო ბაღის მშენებლობა შუა გზაზე მიატოვა

1044

ხაშურის მუნიციპალიტეტი შპს „ბაბი-XXI“- ს სასამართლოში უჩივლებს. მიზეზი ისაა რომ კომპანიამ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ნაცვლად შენობაში მხოლოდ იატალი შეაკეთა. ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

ხაშურის მერიამ გომის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2019 წლის 11 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც „ბაბი-XXI“ – მ გაიმარჯვა. კომპანიას სააღმზრდელო დაწესებულების შენობის რეაბილიტაცია 21 მაისს  უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული.

პროექტის ღირებულება 35 281 ლარი იყო. ამ დროისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხაშურის

მუნიციპალიტეტს კომპანიისთვის 13 299 ლარი აქვს გადარიცხული.

„გადარიცხული თანხის ნაწილი 7 000 ლარი უკან დაგვიბრუნდება, რადგან კომპანიას საბანკო გარანტია ჰქონდა. შესყიდვების სააგენტოს წერილობით უკვე მივმართეთ და მოვითხოვეთ, რომ კომპანია შავ სიაში შეიტანოს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ეს სამუშაოების ღირებულების 5%-ია. კომპანიას მოუწევს ეს თანხა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გადაიხადოს, სასამართლოს მეშვეობით“ – გვითხრა ხაშურის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურმა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შპს „ბაბი-XXI”- ს წარმომადგენელს ვერ დაუკაბვშირდა, რადგან კომპანიას დოკუმენტებში საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვს.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა გომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი ისევ გამოაცხადა.

კომპანიას შედეგი სახის სამუშაოები უნდა შეესრულებინა: იატაკის ფენის დემონტაჟი, ფასადის კედლებიდან ნალესის ჩამოყრა, კარ-ფანჯრების დემონტაჟი, სახურავის ნაშვერის შეფიცვრის მოწყობა ფიცრებით და შეღებვა ზეთოვანი საღებავით ორჯერ, მეტალოპლასტიკის კარის და ფანჯრების ჩასმა, იატაკის დემონტაჟი და ახლის მოწყობა, ასევე მაღალხარისხიანი ლამინირებული პარკეტის დაგება. შენობის ფასადის ლესვა, შეკიდული ჭერის მოწყობა, შიდა კედლებისა და ჭერის დამუშავება-შეღებვა, სველი წერტილების მოწყობა და ეზოს ნარჩენებისგან გაწმენდა.

ხაშურის მერიის ცნობით, კომპანიამ მხოლოდ იატაკი შეაკეთა.