სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ალექსანდრე მოწერელიას და მის მოადგილეებს უშვებენ?

497

სტატიის გაგრძელება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, შესაძლოა, თანამდებობიდან უახლოეს მომავალში გაუშვან. ასევე საუბარია იმაზეც, რომ თანამდებობებს გამოემშვიდობებიან მისი 4 მოადგილიდან სამიც.

მიზეზად სახელდება ის, რომ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მის მიერვე დანიშნული რწმუნებულის აქტიურობით უკმაყოფილოა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში აცხადებენ, რომ ვინმეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ არსებობს, თუმცა, შესაძლო მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

„ვერაფერს ვერ გეტყვით. პიროვნულად მე ჯერ არანაირი ბრძანება, არანაირი განკარგულება არ მაქვს ამის შესახებ. ზემოთ თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, თვითონ დაგიდასტურებენ… ვერც უარვყოფ, ვერც ვადასტურებ, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. დაუკავშირდით გუბერნატორს და გეტყვით,“- ამბობს სოზარ სუბარის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

„სახელმწიფო რწმუნებული ადგილზეა და მუშაობს ჩვეულებრივად… მოადგილეებიც ამ წუთას არიან თანამდებობებზე,“ – აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრეს-სამსახურის უფროსი, პაატა ლაგვილავა.

ლაგვილავას თქმით, ალექსანდრე მოწერელიას ბევრი გეგმა აქვს და არსად წასვლას არ აპირებს.

„სახელმწიფო რწმუნებული ადგილზეა და მუშაობს ჩვეულებრივად, ძალიან ბევრი გეგმა აქვს. უახლოეს ხანში მისი თანამდებობიდან წასვლა არ იგეგმება… მოადგილეებთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, არ ვადასტურებ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ამ წუთას არიან თანამდებობებზე.“- ამბობს ლაგვილავა.

შეკითხვაზე, დღეს რომ სამსახურში არიან, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალშიც შეინარჩუნებენ თანამდებობას, პასუხობს, რომ „დამატებით ამაზე ვერ გვიპასუხებს“.

„მე გეუბნებით, რომ დღეის მდგომარეობით ეს ადამიანები  თანამდებობებზე არიან. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამაზე საზოგადოების ინფორმირება მოხდება,“- დასძენს ლაგვილავა.

ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად გასული წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მოწერელიას გარდა, კიდევ 6 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული წარადგინა.

ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობაზე დანიშვნამდე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ალექსანდრე მოწერელიას 4 მოადგილე ჰყავს. საუბარია იმაზე, რომ უახლოეს მომავალში თანამდებობას გამოემშვიდობება სამი – ირაკლი ჯიქია, კობა ქანთარია და მალხაზ თორია. მეოთხე მოადგილე, ნინო ვიბლიანი კი, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მესტიის მერის წარმომადგენელი იყო ჭუბერის თემში, სავარძელს შეინარჩუნებს.