კალაძე: თემქის ხევის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაახლოებით, 4 თვეში პარკის დასრულებული პროექტი გვექნება

1114

წინა სტატია

თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია “ატელიე არქიტექტი“ გამოვლინდა, რომელმაც პარკის რეაბილიტაციის პროექტი ოთხი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ტერიტორიის სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმითაა გათვალისწინებული.

“თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხევი მოიცავს, დაახლოებით, 23 ჰა ტერიტორიას და დარწმუნებული ვარ, ამ ადგილზე ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც კი გვექნება დასრულებულ პროექტი, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოებს კი კომპანიის შერჩევისთანავე დავიწყებთ.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეკრეაციო სივრცის მოწყობისას ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნდება.

ამასთან, კახა კალაძე დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის პროექტსაც შეეხო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპანია უკვე რამდენიმე დღეში გამოვლინდება და ახალი საქალაქო პარკის მშენებლობაც უახლოეს დღეებში დაიწყება.