თბილისს ახალი გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯი“ მოემსახურება

727

კომპანია “ყაზტრანსგაზ – თბილისი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ თბილისის მცხოვრებლებს გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯი“ მოემსახურება.

“კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მართვის რეჟიმი 2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადაბარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100% შეიძინა.

დღეიდან კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდის ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.

გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მცხოვრებლებს “თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება.

“თბილისი ენერჯისთვის” პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა. კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექსპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს, რომელიც სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

ამჟამად დაწყებულია “თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები, გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნესგეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც, ასევე, გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას. ყოველწლიურად საშუალოდ 30-მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება.

“თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია”, – წერია განცხადებაში.