ჭიღვარია: ქუთაისის მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება

755

ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მერიის შენობა ამ წუთში არ იყიდება“, – ასე პასუხობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მერიის ადმინისტრაციული შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა შენობიდან თანამშრომლების გადაყვანა, მერმა ამ შეკითხვას აღარ უპასუხა. შენობის შესაძლო გაყიდვა დღეს დილით უარყვეს მერიის პრესსამსახურშიც, თუმცა, რაც შეეხება თანამშრომლების სხვა შენობაში გადაყვანას, განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას არც უარყოფდნენ და არც დაადასტურებდნენ.

მერიის  შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა.

ბოლოს შენობაში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის მიერ სასტუმროს გახსნის შესახებ  ინფორმაცია “ნიუპოსტმა“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, მერიის თანამშრომლების აუდიტის სამსახურის შენობაში გადაყვანა იგეგმება, რაც აუდიტის სამსახურში არ დაადასტურეს.

ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის ა(ა)იპ-ებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3 279 კვ.მ-ია.