კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია ნოემბრის დასაწყისში დასრულდება

1633

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა, რომ პარკის სრული რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული პარკი დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი იქნება.

“პარკი იყო მძიმე მდგომარეობაში და გვინდა, სრულად განვაახლოთ. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში სამუშაოები მთლიანად დასრულდება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა უკვე დასრულებულია, თავისი სარწყავი ქსელითა თუ საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებით. ახლა დარჩენილია მიწისზედა სამუშაოები – მიწის შემოტანა, გამწვანება, კეთილმოწყობა. დაახლოებით, 800 ახალი ხე-მცენარე დაირგვება. დასასვენებლად საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც ბავშვებისთვის, ასევე, უფროსი ასაკის დამსვენებლებისთვის სპეციალური გასართობი სივრცეები მოეწყობა.

აქ ყოველთვის იყო ტრადიცია, მოდიოდნენ, ნარდს თამაშობდნენ. მათთვის სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი. ამასთან, იქნება ცხოველების გასასეირნებელი ადგილი, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ყველაფერი იქნება განახლებული, რეაბილიტირებული.

დარწმუნებული ვარ, ამ პარკით არა მხოლოდ ამ ადგილის ხშირი სტუმრები იამაყებენ, არამედ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი და გამწვანებული ადგილი დედაქალაქში. პარკის რეაბილიტაცია, დაახლოებით, 5 მილიონი ლარი ჯდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში უკვე მოეწყო სპორტული მოედნის, სამაგიდო თამაშების მოედნისა და ფანჩატურების საფუძვლები; ასევე, რეაბილიტირდა პარკში არსებული ერთსართულიანი შენობა და გაკეთდა ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე. ამასთან, დასრულდა წყალარინების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობა და შემოიღობა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე.

გარდა ამისა, სრულდება განათების მონტაჟი, ღობისა და ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ამასთან, მიმდინარეობს ცენტრალური შესასვლელის, სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნებისა და შადრევნების რეაბილიტაცია, საგამოფენო და სამაგიდო თამაშების სივრცეების, ასევე, ერისთავის მხრიდან პარკში შესასვლელი პანდუსის მოწყობა.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, ასევე, მოეწყობა ველო და სარბენი ბილიკები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, რაც ითვალისწინებს 774 ხის და 665 ბუჩქის დარგვას. გარდა ამისა, 7880 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგვება 1600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნება 78 მეტრის სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე. დენდროლოგიური პროექტი ითვალისწინებს ვერტიკალურ გამწვანებასაც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა – მიხეილ ყაველაშვილმა და მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს