ფოთის საკრებულომ სხდომების პირდაპირი ტრანსლირება დაიწყო

1009

წინა სტატია

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომიდან პირდაპირი ეთერი ჩართო. საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სხდომების პირდაპირი ეთერით ჩვენებას ტესტავენ.

მათივე ცნობით, სხდომების ტრანსლირება ფოთის თვითმმართველობამ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით დაიწყო.

საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორცილება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტს, რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, აბაშის მუნიციპალიტეტთან, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან და სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროსთან პარტნიორობით ახორციელებს, ევროკავშირი აფინანსებს.

ფოთის და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით ევროკავშირისგან გრანტის სახით 345 000 ევრო მიიღეს, რომლის ფარგლებში საკრებულოს სხდომები გავა პირდაპირ ეთერში. ასევე, საკრებულოს საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფებისთვის SMS შეტყობინებების დაგზავნის სისტემა ამოქმედდება. შეიქმნება ელექტროპეტიციის და ონლაინ კვლევითი სისტემა. ამასთან, მოქალაქეები ელექტრონულად შეძლებენ აღსაზრდელების რეგისტრაციას საბავშვო ბაღებში.

როგორც აბაშის საკრებულოში ამბობენ, სხდომების ტრანსლირებას უახლოეს დღეებში ისინიც დაიწყებენ.