ანანურის კომპლექსის დაზიანებულ უბნებზე ვიზიტორებისთვის შეზღუდვები ამოქმედდა

817

ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები აღიკვეთება, – აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო ში.

მათივე ცნობით, დღეიდან ანანურის კომპლექსის დაზიანებულ უბნებზე ვიზიტორებისთვის შეზღუდვები ამოქმედდა.

“დროებითი ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფასა და ძეგლთა დაცვის პრინციპებს უკავშირდება. შედეგად კი ვიზიტორთა ჯგუფების მიერ არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული სტრუქტურული სეგმენტების მექანიკური დაზიანებების ალბათობა და გამოუსწორებელი ხარვეზების შექმნის რისკი გამოირიცხება.

ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს:

ვითარების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, რაც მომდევნო წლიდან ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტის წარმართვას ითვალისწინებს, პრევენციულ გადაწყვეტილებებს სააგენტო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთობლივად შეიმუშავებს” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.