საქართველოში ბავშვების 30% ბაღში ვერ დადის – ქალაქებში საბავშვო ბაღები გადატვირთულია, ბევრ სოფელს კი ბაღი საერთოდ არ აქვს

1144

ეკატერინე ბასილაია

საბავშვო ბაღებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით ბავშვების 70% დადის, 30% კი სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ბაღის გარეშე დარჩენილები, ძირითადად,  სოფლებში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობები, სოციალურად დაუცველები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან.

თუ ქალაქებში პრობლემაა ის, რომ ბაღები გადატვირთულია და ჯგუფებში, 25 ბავშვის ნაცვლად, შეიძლება, 50-55 ბავშვი იყოს, სოფლების ნაწილში ბაღები საერთოდ არ არსებობს და ამის გამო სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარი ბაღში ვერ დადის.

გაეროს ბავშვთა ფონდის“ კვლევით, საბავშვო ბაღში არ დადის: სოფელში მცხოვრები ბავშვებს 46%, სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახების ბავშვების 40%, ეთნიკური უმცირესობების ბავშვების 33%.

პრობლემა სხვაც ბევრია. მაგალითად, ბაღებში გაუმჯობესებულია კვება, თუმცა, პრობლემაა ის, რომ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევა მხოლოდ კვება და არა – განათლება, რომ ბაღების დაფინანსებისას ხელფასებზე მიდის ბიუჯეტის ყველაზე დიდ წილი – 60-70%, მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში ხელფასები მაინც ძალიან დაბალია; ასევე, დაფინანსების 20-30% მიდის კვებაზე და თითქმის არაფერი იხარჯება ბავშვისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილისთვის – სათამაშოებისთვის, საბავშვო წიგნებისთვის, ფერადი  თუ სახატავი ფურცლებისთვის, ასევე, ეზოს მოსაწყობად საჭირო ინვენტარისთვის. ამ ყველაფერზე თანხის თანხის 0-1% მოდის.

რა პრობლემები აქვს საბავშო ბაღებს, რა უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტების დონეზე იმისათვის, რომ სკოლამდელი განათლება იყოს ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამაზე რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ – Civitas Georgica-მ მუნიციპალიტეტის მერებთან და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა კიდეც დეკლარაციას, რომლითაც მუნიციპალიტეტების მერებმა დათქვეს, რომ პრიორიტეტული იქნება სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და ვალდებულება აიღეს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას და თავიანთი საქმიანობის წარმართვისას ამოვლენ ბავშვის ინტერესებიდან. მაგალითად, თუ მუნიციპალიტეტმა წყლის გაყვანილობა უნდა შეაკეთოს სოფელში, დაიწყებს საბავშვო ბაღიდან, გზის გაკეთებას დაიწყებს საბავშო ბაღიდან და ა.შ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ორი პროექტის ფარგლებში – პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობის პროექტის – „სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“, რომელსაც ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ერთობლივად ახორციელებენ.

Civitas Georgica-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მესხიძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღები არის უფასო, უფასოა კვება, რაც კარგია, თუმცა, გამოწვევაა ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

მისი თქმით, ორგანიზაციამ მონაცემები შეაგროვა 32 მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი საბავშო ბაღიდან და პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვთ. ასევე, ჩატარებულია კვლევები „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ, სადაც გამოჩნდა, რომ ეთნიკური უმცირესობები, სოფელში მცხოვრები და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები ყველაზე ნაკლებად არიან ჩართულები სკოლამდელ განათლებაში.

„სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ ფიზიკურად ძალიან ბევრ სოფელში არ არის ბაღი და ბავშვები ამიტომ ვერ დადიან. მაგალითად, მარნეულში მთელი რიგი სოფლებია, სადაც საერთოდ არ არის საბავშვო ბაღი. ასევე მიზეზი, სამწუხაროდ, არის ისიც, რომ ხშირად მშობელს არ ესმის სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა. სკოლა სავალდებულოა და მიჰყავს, ბაღი კი ნებაყოფლობითია და არ ესმის, რომ საჭიროა“,- ამბობს მესხიძე.

ის პრობლემად ასახელებს ბიუჯეტის გადანაწილებასაც.

გიორგი მესხიძე: „ღია ტექსტით უნდა ითქვას, რომ ხშირად დამხმარე პერსონალის რაოდენობა, ადმინისტრაციულს ვგულისხმობ, ხშირად მნიშვნელოვნად აჭარბებს აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობას და პრობლემაა ის, რომ დაფინანსების 70% არის ხელფასი და ხშირად ეს ხელფასები მაინც დაბალია. ნული ლარი იხარჯება ბავშვებისთვის სათამაშოებზე, წიგნებებზე, ეზოზე და ა.შ. ამაზე თუ ნული გაქვს, ხომ გამოდის, რომ, საბავშვო ბაღის ნაცვლად, უბრალოდ, გაქვს ადგილი, სადაც ბავშვს აბარებ დილით და მიგყავს საღამოს, მაგრამ მისი განვითარება იქ და ამ განვითარების ხელშეწყობა არ ხდება.

ასევე, უზარმაზარი პრობლემაა გადატვირთული ჯგუფები, ჯგუფში, სადაც უნდა იყოს 25 ბავშვი, ხშირად ჩარიცხულია 50-55 ბავშვი. რაც არ უნდა კარგი პედაგოგი იყოს, 50 ბავშვთან ვერ იმუშავებ. ყველა მუნიციპალურ ცენტრში ეს არის პრობლემა. ეს უზარმაზარი პრობლემაა გორში, ქუთაისში, სადაც ჯგუფებში რაოდენობა 60 ბავშვამდე ადის, ასევე, ბათუმსა და მცხეთაში. ამას რა უშველის? ამას უშველის ბევრი საბავშვო ბაღი“.

ის მიიჩნევს, რომ სკოლამდელ განათლების დაფინანსება უნდა მოხდეს ვაუჩერული სისტემით, როგორც ეს სასკოლო განათლებაში გვაქვს. ეს წაახალისებს კერძო ინტერესს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ბაღების განტვირთვას.

პრობლემებზე მეტ-ნაკლებად საუბრობენ მუნიციპალიტეტების მერებიც, რომლებიც, ძირითადად, აცხადებენ, რომ პრობლემაა ბაღების არასაკმარისი რაოდენობა, ბევრი სოფელი ბაღის გარეშეა დარჩენილი, თუმცა, მუნიცპალიტეტები, მწირი ფინანსური შესაძლებლობების გამო, მეტს ვერ წვდებიან.

კონსტანტინე თავზარაშვილიგორის მუნიციპალიტეტის მერი: პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ და ეთნიკურ უმცირესობებს ვუწყობთ ხელს. ვინც გვაკითხავს, უარს არავის ვეუბნებით. საუკეთესო კვება გაქვს, თუმცა, პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. პირველ რიგში, პრობლემაა ბაღების სიმცირე. არის სოფლები, სადაც ბაღი არ არის. ახლა ერთი საბავშვო ბაღი ქალაქში და ორიც – სოფლებში მოემატება. ასევე, პრობლემაა ის, რომ ბაღების დიდი ნაწილი ძველი აშენებულია და ახალ სტანდარტებში ვერ ჯდება. ვცდილობთ, სველი წერტილები შენობაში შევიტანოთ. პრობლემაა ფინანსები, რომ უფრო კარგად შევძლოთ მომარაგება სათამაშოებით, ინვენტარით. თანხები, უმეტესად, ხელფასებსა და კვებაზე მიდის, თუმცა, ხელფასები მაინც ძალიან დაბალია და ეს პრობლემაა. კვება კი ძალიან კარგი გახდა და ძალიან ძვირი, ამიტომაც დიდი თანხა მიდის კვებაზე. ამის გამო სხვა საკითხების მოგვარებაზე პრობლემები მექმნება“.

თამაზ მეჭიაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი: „ჩვენთან სხვა პრობლემაა და გეტყვით. 2015 წელს ჩაბარებული 2 ბაღი უხარისხოა. „კივიტასის“ რეკომენდაციით გადავამოწმეთ და დაწერეს შენიშვნა, რომ ეს ახალაშენებული ბაღები 2-3-ბალიან მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს. შემდეგ ექსპერტებმაც იგივე დამიდასტურეს. იძულებული გავხდი, სწავლება შემეჩერებინა და ამ ბაღებიდან ტრანსპორტით ახლომდებარე სხვა ბაღებში გადამყავს ბავშვები. ასეთ სიტუაციაში ვარ, ერთი მხრივ, ვერ ვითხოვ ახლის აშენებას, რადგან ახლახან იყო 2 აშენებული და იქ სარემონტო სამუშაოებსაც ვერ ვაკეთებ, თანხებიც არ არის და რომც მოვიძიო, ბოლომდე არ არის შესწავლილი ბრალეულობა და მე, შეიძლება, კვალი წავშალო. რაღაც აბსურდულ სიტუაციაში ვარ. პლუს, კიდევ გვაქვს 3 ბაღი, სადაც მშენებლებიც და ვინც ჩაიბარა, დაჭერილები იყვნენ. სამუშაოების ნაწილი საერთოდ არ იყო შესრულებული, ნაწილი კი უხარისხო იყო. სხვას რასაც ვაკეთებთ, უმაღლეს დონეზე ვაკეთებთ. 3 საბავშვო ბაღის შენობას ჩავაბარებ სექტემბერში“.

მისი თქმით, ზოგადად, პრობლემაა ის, რომ ბაღებზე დაფინანსების დიდი ნაწილი მიდის ხელფასებსა და კვებაზე, ხოლო ინვენტარზე – არაფერი. მეჭიაური ამის მიზეზად მუნიციპალური ბიუჯეტის მწირ შესაძლებლობებს ასახელებს. ის ამბობს, რომ თახები არასაკმარისია და ყველა საჭიროებაზე საკმარისად ვერ ხარჯავს.

„ხელფასებზე მიდის დიდი ნაწილი, მაგრამ კარგი ცხოვრების გამო კი არ მიდის ასე?! მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის 60-70% ხელფასებია, ისიც ძალიან დაბალია, ბაღის გამგეებს  200-300 ლარი აქვთ და აღმზრდელებს – 150-200. როცა ბიუჯეტში მეტი ფული არ გაქვს, რა უნდა ვქნათ?! ამიტომ ამ თემას ისევ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს, როგორც სხვა ქვეყნებშია, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგები და სხვა თანამშრომლები უნდა გაუთანაბროს სკოლების მასწავლებლებს და მათ ხელფასებზე სუბსიდირება უნდა მოხდეს, სხვანაირად ადგილობრივმა ბიუჯეტმა ხარჯი რის ხარჯზე უნდა გაზარდოს?

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არის მოწესრიგებული. ეს იმის ბრალია, რომ დაფინანსება არ არის საკმარისი. უფრო კარგი დაფინანსების პირობებში, ბაღებში უფრო უკეთეს, უფრო კვალიფიციურ  კადრებსაც მოვიზიდავდით. დაბალანაზღაურებადი პერსონალის მიერ გაწეული მომსახურება ვერ იქნება ხარისხიანი, მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობის მოთხოვნა ძნელია“, – აცხადებს მეჭიაური.

დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი: მუნიციპალიტეტში 12 ბაღი ფუნქციონირებს, აქიდან უკვე მე-11-ს უტარდება სრული რეაბილიტაცია. ბიუჯეტი 1,6 მილიონი ლარია. ბაღის შენობა მეტი არ გვაქვს. მოთხოვნა კიდევ არის. რა თქმა უნდა, არის სოფლები, სადაც საბავშვო ბაღები არ გვაქვს, მაგრამ იმ სოფლებიდან ტრანსპორტით სხვა სოფლებში დაგვყავს ბავშვები. არ არის ისე, რომ ვიღაც ითხოვდეს ბაღში შვილის მიყვანას და ვერ ატარებდეს. რაც გვაქვს, იმ ბაღებში ინვენტარიც ახალია. გადატვირთულიც არ არის. ერთ-ერთ დიდ სოფელში, ქვემო ბოლნისში, არის შენობა, ვეძებთ დონორებს, რომ მომავალი წლისთვის რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და ახალი ბაღი გაიხსნას. ეს ბაღი იმ მხარის პრობლემებს მოხსნის და ასე ეტაპობრივად გავყვებით. ვფიქრობ, რომ ასე 3-4 წელიწადში ბაღის პრობლემა არ გვექნება… იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, აუცილებელია, ხელი შეეწყოს მათ ინტეგრაციას. ბოლნისში მხოლოდ ქართული ბაღებია და ეთნიკური უმცირესობების და ყველას მოთხოვნაცაა, რომ, როგორც ბაღი, ისე სკოლა იყოს ქართული. ეს მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ძალიან კარგია“.

ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი: „ბაღების მოვლა-პატრონობისთვის წელიწადნახევარში 3 მილიონამდე გავზარდეთ ბიუჯეტი და ამჟამად დაფინანსება 7,2 მილიონი ლარია. ეს პატარა თანხა არ არის. რუსთავში სულ 21 ბაღია. კვების ღირებულება 1.38-დან 2.50 ლარამდე ავწიეთ და  მთავრობის დადგენილებით რაც არის მოთხოვნილი, 1200 კალორაჟი, ეს პირობა შესრულებულია.

ჩვენთან მარტო კვებაზე არ იხარჯება თანხები, პრიორიტეტი განათლებაა. შეიძლება, ჩვენ ინფრასტრუქტურულად ვერ დავიკვეხნოთ, რომ ყველა ბაღი მოწესრიგებული გვაქვს იმ დონეზე, რა დონეზეც სწავლას ვახორციელებთ. სააღმზრდელო პროცესი რუსთავის ბაგა-ბაღებს გაერთიანებას, ალბათ, ყველაზე საუკეთესო აქვს. ჩვენ, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ბავშვებთან შევიტანეთ პროგრამის გარეშე თავისუფალი სასწავლო პროგრამებიც. მაგალითად ჩვენი ბაღის ბავშვებმა, 5-6 წლიანებმა, იციან, როგორ ხდება ნარჩენების სეპარაცია, რამდენი ხანი რა გარემოში ინახება ის ნარჩენი, რამდენად მავნებელია და ა.შ.“

მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ არ არის საკმარისი ბაღის შენობა და სტანდარტულთან შედარებით, ჯგუფებში ბავშვები მეტია, თუმცა, პრობლემა არ არის არც კვება, არც საწოლი და არც სათამაშოები.

„ინფრასტრუქტურის პრობლემაა. რუსთავში ბოლო ბაღი შარშან შევიდა ექსპლუატაციაში, ერთი ახალი ბაღი ავაშენეთ, 2 თავიდან ბოლომდე გარემონტდა და დანარჩენი ბაღები, ალბათ, 30-40 წლის განმავლობაში რაც ფუნქციონირებდნენ, კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებიათ. ინფრასტრუქტურის კუთხით დაგეგმილიცაა და 3 ბაღის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებიც უკვე ჩავატარეთ. ვაპირებთ, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რაც გვაქვს, მოვაწყოთ იმისათვის, რომ თავიდან ბოლომდე გამართული ბაღები გვქონდეს“,- ამბობს ტაბაღუა.

მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მოხდეს დამატებით დახმარება მუნიციპალიტეტებისთვის.

„დანარჩენი – მასწავლებლის ხარჯი, გადამზადების ხარჯი, კვების ხარჯი, რაოდენობის ხარჯი, – ამას მუნიციპალიტეტი აიღებს. უბრალოდ, ამ ყველაფერს, ინფრასტრუქტურასთან ერთად, ვერც ერთი მუნიციპალიტეტი ვერ მოერევა. იყოს გრძელვადიანი გეგმა, ვიცოდეთ, რომ, მაგალითად, 6 წელიწადში გარემონტდება 8 ბაღი და აშენდება 2 ბაღი,“- დასძენს ტაბაღუა.

როგორც ხედავთ, პრობლემები საბავშვო ბაღებში მრავლადაა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, სკოლამდელი აღზრდის საკითხები სრულად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, თუმცა, ყველა მერი ერთხმად აღნიშნავს, რომ მწირი მუნიციპალური შემოსავლებით ამ პრობლემების მოგვარება უჭირთ. ფაქტია, სანამ ადგილობრივ თვითმმართველობებს, კომპეტენციებთან ერთად, შემოსავლებიც არ გაეზრდებათ, ვერც საბავშვო ბაღების და ვერც სხვა, არაერთი პრობლემის სრულად მოგვარებას მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ.