სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია – “მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა

1244

სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია – “მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, ახალი პროგრამა დამხმარე საშუალებას წარმოადგენს და ის სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით შეიქმნა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ამ მობილურ აპლიკაციაში არის ინფორმაცია ყველა იმ ტექნიკური რეგლამენტის, რეგულაციების, უსაფრთხოების ნორმების შესახებ, რომლებიც სამშენებლო სექტორში დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა დაიცვას. მაქსიმალურად მარტივი ენითაა ახსნილი საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები“, – აცხადებს თამარ ბარკალაია.

მისივე თქმით, მობილური აპლიკაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და GIZ PSD TVET-ის თანამშრომლობით შეიქმნა და ის სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილი სადაზღვევო ინსტიტუტის (BG BAU) მობილური აპლიკაციის ქართულ ვერსიას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 4 დღეში თბილისში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო, 11 შეჩერდა.