რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტში 21.7 მილიონი ლარის 383 პროექტი განხორციელდება

961

ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 21.7 მილიონი ლარის 383 პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისთვის 2.6 მილიონი გამოიყო და ჯამში 279 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 48 პროექტი კი უკვე დასრულებულია.

უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტს ჯამში 13/8 მილიონი ლარის ღირებულების 30 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 2.3 მილიონის 38 პროექტი, ხოლო სტიქიის პრევენციისთვის – 1.3 მილიონი ლარის ღირებულების 16 პროექტი დაუფინანსდა.

გარდა ამისა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 10-მილიონიანი ბიუჯეტიდან 1 პროექტისთვის 400 000 ლარი, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან კი – 19 პროექტისთვის 1.3 მილიონი ერგო.