იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 79.5 მილიონი ლარის 1 462 პროექტი განხორციელდება

173

სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ტყიბულის, ქუთაისის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, ჭიათურის, საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 79.5 მილიონი ლარის 1 462 პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, იმერეთისთვის 7.2 მილიონი გამოიყო და ჯამში 986 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 138 პროექტი კი უკვე დასრულებულია.

უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს ჯამში 55 მილიონი ლარის ღირებულების 188 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 2.3 მილიონის 63 პროექტი, ხოლო სტიქიის პრევენციისთვის – 2.9 მილიონი ლარის ღირებულების 33 პროექტი დაუფინანსდა.

გარდა ამისა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 10-მილიონიანი ბიუჯეტიდან 5 პროექტისთვის ჯამურად 3.1 მილიონი, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან კი – 187 პროექტისთვის 9 მილიონი ერგო.