ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

836

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.

ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის”, – განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გამოცდების ჩაბარებისას პრობლემა შეექმნათ.