მოსწონთ თუ არა თბილისელებს მერიისა და საკრებულოს მუშაობა? – გამოკითხვის შედეგები

1414

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თბილისის მერიის მუშაობას – 50%, ხოლო თბილისის საკრებულოს საქმიანობას – 34% დადებითად, ან მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებს – ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, 50%-დან თბილისის მერიის მუშაობით სრულად კმაყოფილი 11%-ია, ხოლო ნაწილობრივ კმაყოფილი – 39%.

რაც შეეხება უარყოფით შეფასებას, ჯამში ასეთი 41%-ია, საიდანაც თბილისის მერიის მუშაობა საერთოდ არ მოსწონს გამოკითხულთა 19%-ს, 22% კი მისი საქმიანობით ნაწილობრივაა უკმაყოფილო. გამოკითხულ თბილისელთა 13%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, პასუხი გასცეს.

რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს შეფასებას, როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, გამოკითხულთა მხოლოდ 34%-ია თბილისის საკრებულოს მუშაობით სრულად, ან ნაწილობრივ კმაყოფილი. 34%-იდან 7% ამბობს, რომ ამ უწყების საქმიანობით კმაყოფილია, ხოლო 27% – მეტ-ნაკლებად კმაყოფილია.

რაც შეეხება მათ, ვინც დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს: გამოკითხულთა 20% მისი საქმიანობით უკმაყოფილოა, ხოლო 22% – მეტ-ნაკლებად უკმაყოფილო.

მაღალია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც თბილისის საკრებულოს საქმიანობას საერთოდ ვერ აფასებს. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, გამოკითხულ თბილისელთა 25%-მა პროცენტმა არ იცის, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო, ან არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა.

გამოკითხვა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.