რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა მერიების მუშაობით? – IRI-ის კვლევის შედეგები

1966

წინა სტატია

შემდეგი სტატია

გამოკითხული მოსახლეობის 49% თავისი მერიების საქმიანობით სრულად, ან ნაწილობრივ კმაყოფილია, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ისტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია.

კითხვაზე -კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი მერიის მუშაობით? – გამოკითხულთა 10% აცხადებს, რომ ძალიან კმაყოფილია, ხოლო 39% – მეტ-ნაკლებად კმაყოფილია.

მერიების მუშაობით სრულად უკმაყოფილოა გამოკითხულთა 19%, ხოლო ნაწილობრივ უკმაყოფილო – 22%.

გამოკითხულთა 10%-ს კი აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ აქვს, ან პასუხის გაცემა არ სურს.

ფაქტობრივად, ანალოგიურად აფასებენ დედაქალაქის მერიის მუშაობას კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოქალაქეებიც. თბილისის მერიის მუშაობით სრულად კმაყოფილი 11%-ია, ხოლო ნაწილობრივ კმაყოფილი – 39%.

თბილისის მერიის მუშაობა არ მოსწონს გამოკითხულთა 19%-ს, 22% კი მისი საქმიანობით ნაწილობრივაა უკმაყოფილო.

გამოკითხულ თბილისელთა 13%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, პასუხი გასცეს.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოქალაქეებს საკრებულოების მუშაობაც შეაფასებინა.

როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, სრულად, ან ნაწილობრივ კმაყოფილი საკრებულოების საქმიანობით გამოკითხულთა 46%-ია, საიდანაც 9% სრულად, ხოლო 37% ნაწილობრივ კმაყოფილია.

საკრებულოების მუშაობით სრულად უკმაყოფილოა გამოკითხულთა 20%, ხოლო მეტ-ნაკლებად უკმაყოფილოა 23%.

გამოკითხვა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.